ახალი ამბები

ენმ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

12 ოქტომბერი, 2017 • 1642
ენმ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2018 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარალმენტის წევრმა რომან გოცირიძემ 11 ოქტომბერს განაცხადა პარლამენტში ენმ-ს ფრაქციის სხდომის შემდეგ.

ენმ-ს ფრაქციის სხდომაზე  2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

გოცირიძის შეფასებით,  მომავალი წლის ბიუჯეტი დეფიციტურია და მთავრობა დიდი რაოდენობით საგარეო ვალს იღებს.

„ეს არის ძალიან ცუდი ბიუჯეტი. ბიუჯეტი არის დაუბალანსებელი, იზრდება დიდი რაოდენობის შიდა და საგარეო ვალი. ხარჯები არარაციონალურია და ძალიან გაბერილია ბიუროკრატია. ეს ბიუჯეტი ქვეყანაში მაკროეკონომიკური არასტაბილურობის საფრთხეს ქმნის. ეს ბიუჯეტი შეიძლება გახდეს ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი. ბიუჯეტი შეიცავს მაკროეკონომიკურ რისკებს. ბიუჯეტი კვლავ არის დეფიციტური და ფინანსდება საშინაო და საგარეო ვალების ზრდით,“-აცხადებს რომან გოცირიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალ წელს მთავრობა 1 600 000 ლარის საგარეო ვალის და 400 მლნ საშინაო ვალის აღებას გეგმავს.

„უნდა გავითვალისწინოთ ის,  რომ მომავალ წელს უპრეცედენტოა ვალის დაფარვის მოცულობა,“- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.  მას პენსიებზეც ჰკითხეს, რაზედაც კაკაურიძემ უპასუხა, რომ 2018 წელს პენსია არ გაიზრდება:

„ მიუხედავად იმისა რომ 2018 წელს ბიუჯეტი 949 მლნ არის გაზრდილი, სამწუხაროდ ეს იმის საშუალებას არ გვაძლევს რომ პენსია გავზარდოთ. ზრდა ძირითადად მიდის ვალების დაფარვაში და ინფრასტრუქტურის სამინისტროში”.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინა ბოკუჩავამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს “ბანკი ქართუს” გაზრდილ მოგებაზე ჰკითხა.

„ქართუს მოგება 17- ჯერ გაიზარდა. ასეთ პირობებში ეს ბანკი იტაცებს დაზღვევებს. ცდილობს პენსიის მომსახურეობა წაართვას ლიბერთი ბანკს. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ეს პოლიტიკა, რომელიც ყოფილი პრემიერის მოგების გაზრდას ემსახურება?!“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრს უთხრა რომ ქართუ ბანკის ბუღალტერია არ იცის . რაც შეეხება საპენსიო მომსახურებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, როგორც მან იცის , “ქართუ ბანკს” ამ სერვისის მიწოდების რესურსი არ აქვს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ვალის ზღვრული მოცულობა 18 მილიარდ 123 მილიონ 400 000 ლარია, მათ შორის საგარეო ვალი 14 მილიარდ 195 მილიონს აჭარბებს. 2017 წელს სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს გარანტიით აღებული საგარეო კრედიტების ზღვრული მოცულობა იყო 12 მილიარდ 346 მილიონ 680 ათასი ლარი.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები.

მასალების გადაბეჭდვის წესი