ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენ დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს

7 ივნისი, 2013 • 861
უსუფაშვილი: ჩვენ დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს

“როდესაც ავღანეთში ჩვენი ბიჭები მიემართებიან, რა თქმა უნდა, ყველა რისკის ქვეშაა, ეს ჩვენ, მე მგონი, ყველას გაცნობიერებული გვაქვს, თავად მეომრებს, მათ ოჯახის წევრებს. რა თქმა უნდა, ყველა ზომაა მისაღები დამატებით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მსხვერპლი, მაგრამ რისკები შემცირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალი სამყარო, დემოკრატიული სამყარო გაიმარჯვებს ტერორიზმზე, ტერორისტებზე, მოძალადეებზე, ადამიანებზე, რომელთაც საკუთარი სიცოცხლეც კი არ უღირთ არაფრად”, – განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია “მე–9” არხის ეთერში, გადაცემა “მთავარ კითხვაში”.

 

უსუფაშვილის თქმით, სწორედ იმიტომ მონაწილეობს ამ ოპერაციაში დემოკრატიული სამყარო და მათ შორის საქართველოც, რომ ტერორიზმი და ის იდეოლოგია, რომელიც მას კვებავს, უნდა დამარცხდეს:

 

“ჩვენ გვაქვს სულ ორი არჩევანი – ან თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს, ან აღმოვჩნდებით თავად ჩათრეული და ჩართული ამ უბედურებაში. შუალედი, ნეიტრალური პოზიცია, იმ პოზის დაკავება, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, თუ სმგავსი რამ ხდება, ან აფეთქება, ან უბედურება სხვა ქვეყნებში, როდესაც იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები. თუ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ასე შორს ვერ წავალთ იმიტომ, რომ ეს პრობლემა მოაღწევს საქართველომდეც. ამიტომ არის სრულიად აუცილებელი ბრძოლა ტერორიზმთან, ბრძოლა ძალადობასთან, ბრძოლა იმ იდეოლოგიასთან, რომელიც კვებავს მსგავს განწყობას, მსგავს დამოკიდებულებას, იქნება ეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე თუ რაიმე სხვა თემებზე დაფუძნებული”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საქართველოს წვლილიც და მსხვერპლიც იყოს ადეკვატური:

“თუკი შეკითხვა არის- უნდა მიგვეღო თუ არა მონაწილეობა ოპერაციაში, ჩემი პასუხი არის, რომ უნდა მიგვეღო, სხვა შემთხვევაში ჩვენი რისკები არაფრით არ შემცირდებოდა. ასევე ის რისკები, რომელიც ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს, ოკუპანტი აგრესორი ქვეყნის შეჩერება შემდგომი ოკუპაციის მიმართულებით, თუ მისი გაყვანა საქართველოდან, ეს ჩვენ მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად შეგვიძლია, აქ სხვა გზა არ არსებობს. მე მსმენია, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს. მე ღრმად მწამს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიითვისებს მთელ დანარჩენ ტერიტორიას. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ რისკებს, რომელ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ ქართველები, ვის მხარდამხარ, რამდენად მზად არის ესა თუ ის ქვედანაყოფი ამა თუ იმ ოპერაციის შესასრულებლად, ამაზე მსჯელობა ჩემი მხრიდან ძალიან ზედაპირული და არაპროფესიონალური იქნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი