ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

12 ოქტომბერი, 2017 • 1559
საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას “სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ”, რომლის თანახმადაც, სულ შეწყალებულია 226 პირი.

“დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. შეწყალებულია 226 მსჯავრდებული, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელები. შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალს და ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალიდან 12 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ერთს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, მას პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების თარიღი,” – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისია 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა და სულ განიხილა 1406 პირის საქმე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის განკარგულება უკვე გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი