ახალი ამბები

პრეზიდენტმა ნატოს სამიტში მონაწილეობის საკითხი ჯეიმს აპატურაისთან განიხილა

12 ოქტომბერი, 2017 • 1994
პრეზიდენტმა ნატოს სამიტში მონაწილეობის საკითხი ჯეიმს აპატურაისთან განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 12 ოქტომბერს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხსა და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ.

“როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატოს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომლებიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, განიხილეს სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა. დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრისას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IFRI). კონფერენციის სპონსორია ფრანგული კომპანია „თალესი“ (Thales).

ჯეიმს აპატურაი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჯეიმს აპატურაი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი