შალვა რამიშვილი ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ვიდეომიმართვა მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

შალვა რამიშვილის ინტერნეტტელევიზიამ დედაქალაქის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციიდან გაავრცელა მათ მიერ გადაღებული ვიდეოს ფრაგმენტი და გაუკეთა აღწერა, თითქოს ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს უბრძანებდა საკრებულოს შენობაში “შეთრეულიყო”.

მოგვიანებით, ნოდარ მელაძემ “ფეისბუკით” გამოაქვეყნა ამავე ეპიზოდის შედარებით ვრცელი ჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს და ისმის, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ერთ-ერთ აქციის მონაწილეს ეძებს, ხოლო ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი ეუბნება, რომ პოლიციამ ის დააკავა და საკრებულოს შენობაში “შეათრია”.

10 ოქტომბერს საკრებულომ თბილისში ორი მიწის ნაკვეთი გადასცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებდა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, შენობის წინ დაპირისპირების დროს კი ოპოზიციის რამდენიმე წევრი და აქტივისტი დააკავეს. საკრებულოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ პროექტ “პანორამა-თბილისის” მშენებლობას უკავშირდება. “პანორამა-თბილისი” ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, პოლიციამ მოქალაქეები და პარლამენტის დეპუტატები შენობაში არ შეუშვა, რასაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბდუსმენი კანონდარღვევად მიიჩნევენ. პოლიციასთან დაპირისპირების დროს აქციის 14 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ენმ-ის კანდიდატი ვაკის ოლქში და პარლამენტარ თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე იოსელიანიც. მათ ნაწილს სხეულის დაზიანებებიც აღენიშნებათ.

შსს დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელთა მოთხოვნის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. მეორე სასამართო განხილვა 17 ოქტომბერს ჩაინიშნა. საპროტესტო აქციაზე დაკავებული თოთხმეტივე პირი სასამართლომ შემდეგ განხილვამდე გაათავისუფლა, ხოლო მოსამართემ პოლიციას ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.