ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლების აქცენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

12 ოქტომბერი, 2017 • 1572
საქართველოს ხელისუფლების აქცენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. ლევან იზორიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველო შეკავების პოლიტიკის თანამონაწილეა:

“თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები, კრიტიკულად შევაფასოთ არსებული მიდგომები და ერთად ვიფიქროთ კონფლიქტების მოგვარებისა და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების ინოვაციურ  და ახლებურ გზებზე. საქართველო აგრძელებს მისი მტკიცე და პრინციპული არჩევანისკენ სწრაფვას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ამ გზაზე კი ჩვენ ვითვალისწინებთ ნატოს ახლებურ მიდგომებსა და სტრატეგიებს – საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, რესურსების ეფექტიანი განაწილება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება არის ის ამოცანები, რითაც ჩვენ ვაძლიერებთ შეკავების ფაქტორს და ვქმნით უსაფრთხოების და სტაბილურობის გარემოს”,- განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც  საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგნლებს ასევე მოუწოდა, შეიქმნას ერთიანი სტრატეგია, რომელიც უპასუხებს და დაუპირისპირდება რუსეთის აგრესიულ, ანექსიურ და პროვოკაციულ პოლიტიკას რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში:

“შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად.  ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით; როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე;

როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა, რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა. ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმევა ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებული ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე” – განაცხადა გიორგი მარგვერლაშვილმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას, მან იმ ხედვის შესახებ ისაუბრა, რომელიც მთავრობას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე გასამკლავებლად აქვს:

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა –  ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში; განგრძობითი მილიტარიზაცია; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა;  ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა; მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

რიგით მე-11 კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის არიან ნატოს „მტკიცე მხარდაჭრის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა.

კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IFRI). კონფერენციის სპონსორია ფრანგული კომპანია „თალესი“ (Thales).

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმშო. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმშო. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი