ახალი ამბები

სინოდი: ილია II-ის 40-წლიანი მმართველობის შესახებ წიგნი უნდა გამოიცეს

12 ოქტომბერი, 2017 • 2085
სინოდი: ილია II-ის 40-წლიანი მმართველობის შესახებ წიგნი უნდა გამოიცეს

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები შეთანხმდნენ, რომ ილია მეორის 40-წლიანი მმართველობის შესახებ წიგნი უნდა გამოიცეს.

გადაწყვეტილება სინოდმა გუშინ, 11 ოქტომბერს ჩატარებული სხდომის შემდეგ მიიღო.

სხდომის ოქმის მიხედვით, ამ საკითხზე საუბარი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დაიწყო.

“იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და ის დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში. ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო.  მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გაკეთდა”, – განაცხადა ილია მეორემ.

სხდომის ოქმის მიხედვით, ილია მეორემ სიტყვა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელს გადასცა, რომელმაც მიმოიხილა ილია II-ის 40-წლიანი მმართველობის პერიოდი, მან ხაზი გაუსვა სამღვდელოებისა და ეპარქიების გამრავლებას და მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას.

მიტროპოლიტმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ეკლესიას საზოგადოება დაუბრუნდა, ხოლო ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე, ისაუბრა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა საპატრიარქოს როლი სახელმწიფოს ცხოვრებაში.

“ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას. მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

სინოდმა მოიწონა მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება კათოლიკოს-პატრიარქის 40-წლიანი მოღვაწეობის შესახებ. ასევე დაუჭირა მხარი ილია II-ის აზრს საპატრიარქოს 40-წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი.

სინოდმა დაადგინა, რომ ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში უნდა წარადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა, რომლებიც შემდეგ წიგნად გამოიცემა.

მსგავსი შინაარსის წიგნი “მზიანი ღამე – პატრიარქი” უკვე გამოსცა საპატრიარქომ, რომელიც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 254 000 ლარით დაფინანსდა. “მზიანი ღამე” არის მესამე ტომი წიგნისა “საუკუნის ტრილოგია “ნათელი ქრისტესი საქართველო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი