დეკანოზი გიორგი მამალაძე 19.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

სინოდი: დეკანოზ მამალაძეზე სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ვიმსჯელებთ

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის დღევანდელ სხდომაზე დაადგინეს, რომ სანამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ დასრულდება, მანამდე მისთვის მღველმოქმედების შეჩერებას არ განიხილავენ.

“მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლებიოს აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან”, – წერია სინოდის სხდომის ოქმში.

სინოდის სდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ საქმეზე სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც “ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს შორენა თეთრუაშვილის, პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com