ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ არ შეუშვეს კობელი ოსები საქართველოში

11 ოქტომბერი, 2017 • 6337
რატომ არ შეუშვეს კობელი ოსები საქართველოში

ჟურნალისტი ალან პარასტაევი ცხინვალიდან

საქართველოს ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე მშობლიურ სოფლებში შესვლა უკვე არაერთი წელია რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ოსებისთვის პრობლემურია. წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ კობის ადგილობრივ დღესასწაულზე (“Къобы дзуар”) ჩრდილოეთ ოსეთიდან მიმავალი ადამიანები უკან მოაბრუნეს და ამასთან, პასპორტებში ხუთწლიანი დეპორტაციის შტამპები ჩაურტყეს. სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები “ეთნიკურ წმენდად” შეაფასეს და 90-იანი წლებში ოსების მიმართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან პარალელები გაავლეს.

საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ მცხოვრები ოსების პრობლემა იმ მომენტიდან არსებობს, როდესაც ამ გზამ ფუნქციონირება დაიწყო. დღეს კი მოწმე ვართ იმისა, რომ ეს პრობლემა შესაძლოა ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, ან ამ რაიონში მცხოვრები ოსების გაქრობასთან ერთად ისიც სამუდამოდ გაქრეს. როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის.

გეოგრაფიულად ჩრდილოეთ კავკასიისკენ უფრო ახლოს მდებარე და ვლადიკავკაზიდან ნახევარი საათის სავალზე არსებული ხეობა საქართველოს მიაკუთვნეს. ასე იყო ჯერ კიდევ მეფის დროიდან, როდესაც დიდი ყურადღება არც ექცეოდა იმას, სად რომელი ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ. საქართველოს სამხედრო გზა სამხრეთის მხრიდან შენდებოდა, ტიფლისიდან, და ამიტომ ჩინოვნიკებს, მშენებლებსა და, რა თქმა უნდა, სამხედროებს, უმარტივდებოდათ მისი მართვა მზიანი და იმპერიის მიმართ კეთილგანწყობილი ტიფლისის გუბერნიიდან, ვიდრე ნისლიანი და ხშირად არამეგობრული ადგილობრივებისგან, ვლადიკავკაზის ციხესიმაგრიდან. ასე გაიყვანეს საზღვარი ტიფლისის გუბერნიისა და ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ზოლზე. ამავე პრინციპით კონტროლის გამო მეფის ჩინოვნიკებმა ქართულ-იმერეთის გუბერნიაში ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილიც – ნარისა და მამისონის ხეობების ტერიტორიებიც შეიტანეს. თუმცა დროსთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა ვლადიკავკაზი და ნარი და მამისონი კვლავ სამხედრო-ოსურ ოლქში გადავიდა. კობი და თრუსოს ხეობის ტერიტორია კი ტიფლისს დაუტოვეს. შედეგად, იქ ოსური მოსახლეობის შემცირება ან მისი ასიმილაცია მოხდა. ოსები გუდოსა და თრუსოს ხეობიდან, რომლებიც არ მიდიოდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს რაიონებში რჩებოდნენ, კარგავდნენ ეთნიკურ იდენტობას, ენას. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთში, ნარსა და მამისონში დარჩენილ მოსახლეობაში ენასთან დაკავშირებით იდეალური სიტუაციაა. ყოველშემთხვევაში, იქ კვლავაც ცხოვრობენ ოსები და მშობლიურ ენაზე საუბრობენ.

დღეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოწმე ვართ იმისა, რომ საქართველოს ყაზბეგის რაიონში ოსური ელემენტი ქრება. ეთნიკურობის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე კეთილსაიმედო სიტუაცია სოფელ კობში იყო. 90-იანი წლების დასაწყისში კობის მცხოვრებლებმა შეძლეს თავიდან აეცილებინათ იმ ოსების ბედი, რომლებიც ბორჯომში, ქარელსა და საქართველოს სხვა რაიონებში ცხოვრობდნენ. საუბარია 90-იან წლებში საქართველოს შიდა რაიონებში ოსების დევნის პერიოდზე.

ის, რაც ვერ გააკეთეს ქართველმა ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა და შემდეგ მხედრიონელებმა, გააკეთა პოსტსაბჭოთა პერიოდში სოციალურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურმა კოლაფსმა. ოდესღაც კობის აყვავებული სოფლის მეურნეობა, რომელიც ყველითა და ცხვრის ხორცით ამარაგებდა თბილისსა და ვლადიკავკაზს, გაკოტრდა. კობი გაუცხოების ზონა გახდა – აქ უკვე მეორე ათწლეულია ცივილური ინფრასტრუქტურის ნიშნები არ არის, არც სამედიცინო პუნქტია, არც მაღაზიაა, არც ფოსტა. ამგვარად, საქართველოს ყაზბეგის რაიონის ოსური მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარ სოფლებში, საკუთარ სახლებში რჩებოდა, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური თამაშების ტყვეობაში აღმოჩნდა.

ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ყაზბეგის რაიონის ქართული მოსახლეობაა უკეთეს მდგომარეობაში. მათი ცხოვრებაც ბევრითაა დამოკიდებული ჩრდილოეთ ოსეთზე, ვინაიდან ვლადიკავკაზი 40 კილომეტრშია და საკმაოდ პირდაპირი გზატკეცილით უკავშირდება, თბილისისგან განსხვავებით, რომელიც 150 კილომეტრშია. მით უმეტეს, ზამთრის თვეებში ჯვრის უღელტეხილი საერთოდ იკეტება ხოლმე.

დღეს კობში და სხვა ოსურ სოფლებში მხოლოდ ხანადზმული ადამიანები არიან დარჩენილი. ისინი არ ტოვებენ საკუთარ სახლებს. მათი შვილები კი ძირითადად ვლადიკავკაზში მუშაობენ. რთულია წარმოიდგინო, როგორ იზამთრებს ეს ხალხი იქ. საქართველომ თავისი ანტიჰუმანური კანონებით ეს ხალხი ახლობლების მატერიალური და მორალური მხარდაჭერის გარეშე სრულ იზოლაციაში დატოვა. როგორ ეწერება მსგავსი ქმედებები პროდასავლური ორიენტაციის მქონე საქართველოსთვის, სადაც გადაადგილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლების შესახებ გაგება არსებობს, რთულია ახსნა. ყაზბეგის რაიონის ყოფილი მოსახლეობის საქართველოში არშეშვებას რთულია ფორმულირება მოუძებნო, არათუ გაამართლო. როგორ ეწერება ეს აკრძალვა ოფიციალური თბილისის პროპაგანდაში, რომ ყველა თანასწორია და ერთმანეთის ინტერესებს პატივს სცემენ? ქართული სახელმწიფო პიარი, რომელიც დასავლეთის მიერ არის აქტიურად მხარდაჭერილი, იმსხვრევა და სიცრუედ გეჩვენება იმ ფონზე, როდესაც ეთნიკური ნიშნით ქვეყანაში არ გიშვებენ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი კობელი ოსების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე დუმს, თითქოს საკუთარი მოსახლეობა “დაივიწყა”.

ერთადერთი, რითაც შეიძლება საქართველოს ნაბიჯი გაამართლო კონკრეტულად კობელი ოსების დევნაზე, ისაა, რომ 2000 წლების ბოლოს ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოყალიბდა მოძრაობა “დარიალი”. მის სხდომებზე, მოძრაობის ლიდერმა გაირბეკ სალბიევმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ “ოსები არასდროს შეეგუებიან საკუთარი მიწების დაკარგვას”, კობი და თრუსოს ხეობა იგულისხმებოდა. თუმცა, შესაძლებელია, ცივილიზებულ სამყაროში აკრძალო ეთნიკური ნიშნით გადაადგილება მოძრაობის ლიდერის აზრის გამო, რომელიც არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია? გარდა ამისა, სალბიევის იდეები თავად ჩრდილოეთ ოსეთშიც დაგმეს. კობიდან წამოსული ადამიანებისგან შექმნილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ყაზბეგმა” სალბიევის ეს გამონაქვამი არაერთხელ დაგმო და განაცხადა, რომ მსგავსი აზრები პრობლემას უქმნის, პირველ რიგში, თავად ყაზბეგის რაიონის ოს მოსახლეობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრები კანონმორჩლი მოქალაქეები და სუვერენული საქართველოს მხარდამჭერები არიან და სეპარატისტული ზრახვები არასოდეს ჰქონიათ. თუმცა ამ განცხადებებს არ მოუხდენია ზეგავლენა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ამ მოძრაობის ლიდერი,ასევე აღარ შეუშვეს საქართველოში და მისი მანქანა უკან გააბრუნეს.

როგორც ჩანს, თბილისს ყაზბეგის რაიონში ეთნიკური წმენდის დასაწყებად გაირბეგ სალბიევის განცხადების სახით საბაბი სჭირდებოდა. თუმცა, სინამდვილეში, რას ფიქრობენ ამ ხეობის ოსები, თბილისს უკვე აღარ აინტერესებს.

 

ბიოლი

 

რედაქციის შენიშვნა: კობელი ოსების საქართველოს ტერიტორიაზე არშეშვების შესახებ ინფორმაცია რუსულენოვან მედიაში 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა. ნეტგაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მაშინ საქართველოს შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი