ახალი ამბები

თბილისში სამმილიონიანი საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება – საია

11 ოქტომბერი, 2017 • 2258
თბილისში სამმილიონიანი საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით შექმნილმა კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“, სავარაუდოდ, არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება.

თბილისში 3 მილიონი ლარის ღირებულების 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების გამარტივებული ფორმით შესყიდვასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია საიამ დღეს გაავრცელა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, მათი განცხადების საფუძველს იძლევა შემდეგი გარემოებები:

  • თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე, საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით, 2017 წლის 16 ივნისს  კომისია შეიქმნა. კომისიამ, ჯამში, 3 სხდომა გამართა. პირველად შეიკრიბა 2017 წლის 26 ივნისს და დაადგინა, რომ არაუგვიანეს 10 ივლისისა თბილისის არქიტექტურის სამსახურს კომისიისათვის საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი უნდა მიეწოდებინა. ხოლო საფინანსო საქალაქო სამსახურს 2017 წლის ბიუჯეტიდან თანხების მობილიზაციის წინადადებები წარედგინა. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიის შემდეგი სხდომა სექტემბრის თვემდე არ გამართულა;
  • მიუხედავად იმისა, რომ კომისიის პირველივე სხდომაზე, 2017 წლის 26 ივნისს, ყურადღება დაეთმო საახალწლო ილუმინაციების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხს და ამ მიზნით შესყიდვის პროცედურების დროულად დაწყების მნიშვნელობას, კომისიის მეორე სხდომა პირველიდან 41 დღის შემდეგ, 2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართა. მთელი ამ დროის განმავლობაში კომისიას ხელთ არ ჰქონდა არც შესასყიდი ილუმინაციების და აქსესუარების საბოლოო ხარჯები და არც საქონლის დაზუსტებული დიზაინი;
  • კომისიას 3 თვეზე მეტი დასჭირდა საიმისოდ, რომ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი შეეთანხმებინა და „თბილსერვის ჯგუფისათთვის“ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაწყება ეთხოვა;
  • კომისიის მიერ გამართული სხდომების ოქმებში არსად არ არის ნახსენები სახელმწიფო შესყიდვის ფორმად გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გამოყენების საჭიროება და „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების“ წინაპირობა. სანაცვლოდ, კომისიის პირველივე სხდომის ოქმში საუბარია „ელექტრონულ ტენდერთან“ დაკავშირებული საკითხის თაობაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ფორმით განხორციელება გამორიცხულიყო და კომპანიას სახელმწიფო შესყიდვის ფორმად ელექტრონული შესყიდვა გამოეყენებინა.

როგორც საიაში აღნიშნავენ, კომისიის და შესაბამისი ორგანოების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დაგეგმილი შესყიდვის ელექტრონულად განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას. ამასთან, მათი განცხადებით, ელექტრონული შესყიდვა მინიმუმამდე შეამცირებდა იმ რისკს, რომელიც გამარტივებული შესყიდვის დროს მიმწოდებელი კომპანიის შერჩევას ახლავს თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი