კატალონიის გადავადებული დამოუკიდებლობა: როგორია ესპანეთის პასუხი?

გუშინ გამოცხადებული სიმბოლური დამოუკიდებლობის შემდეგ, ოფიციალური მადრიდი კატალონიის მთავრობისგან მოითხოვს, კონკრეტული პასუხი გასცეს კითხვას: გამოცხადდა თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა? იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მთავრობა კატალონიის ადმინისტრაციისგან დადებით პასუხს მიიღებს, დიდი ალბათობით ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლი ამოქმედდება, რაც რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს. ამის შესახებ ავტონომიური რეგიონი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჰოიმ გააფრთხილა. “Reuters”-ის ცნობით, მადრიდის შეკითხვა პირველი ნაბიჯი იყო აღნიშნული მუხლის ასამოქმედებლად.

კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას გუშინ ღამით რეგიონის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა, თუმცა პარლამენტს დოკუმენტის აღსრულების რამდენიმე კვირით გადავადება სთხოვა და მადრიდთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. დეკლარაცია, რომელსაც ჯერ მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, ესპანეთის მთავრობამ გუშინვე ცნო უკანონოდ.

ავტონომიური რეგიონის განცხადება ყველა მხარისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა – ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა  კატალონიის ლიდერი “გამიზნული დაბნეულობის” შექმნაში დაადანაშაულა. უკმაყოფილება და გაურკვევლობა გაჩნდა ათასობით ადამიანშიც, რომლებიც პარლამენტის სხდომას საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, დიდ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. პროცესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა ოფიციალური მადრიდი, რის გამოც ესპანეთის პოლიცია მის ჩაშლას სხვადასხვა გზებით ცდილობდა. კატალონიის მასშტაბით, დამოუკიდებლობის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 800-მდე ადამიანი დაშავდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფას და კატალონიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა აქტივობამ 42,3% შეადგინა, რაც კატალონიის ხელისუფლების ცნობით, 5.3 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან 2.2 მილიონი ადამიანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან