ახალი ამბები

ხარვეზები დანაშაულის პრევენციის სისტემაში, რომლებზეც შსს არ საუბრობს – EMC-ის კვლევა

11 ოქტომბერი, 2017 • 2072
ხარვეზები დანაშაულის პრევენციის სისტემაში, რომლებზეც შსს არ საუბრობს – EMC-ის კვლევა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საქართველოში მოქმედი დანაშაულის პრევენციის სისტემა შეისწავლა, რომლის შედეგადაც, კვლევის ავტორების თქმით, შემდეგი ხარვეზები გამოვლინდა:

  • ქვეყანას არ აქვს დანაშაულის თავიდან აცილების ერთიანი, დაბალანსებული, გრძელვადიან სოცილურ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკა და სტრატეგია;
  • დანაშაულის პრევენციის ძირითადი მექანიზმები თავმოყრილია სამართალდამცავი ორგანოების ხელში, რაც ზრდის საზოგადოების ფართო ჯგუფებზე საპოლიციო კონტროლის გავრცელების რისკებს;
  • პოლიციის ხელში არსებული დანაშაულის პრევენციის მექანიზმები თავისი ბუნებით რეპრესიულია და ის დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ნაცვლად, უმეტესწილად, უპირისპირდება ცალკეულ ინდივიდებს, რომელთა ასოცირებაც პოტენციურ დანაშაულთან ხდება;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები ზოგადი და აბსტრაქტულია, რაც ზრდის ცალკეული ინდივიდების თავისუფლებასა და პირად ცხოვრებაში პოლიციის ჩარევის რისკებს. ასევე, თვითნებობების შესაძლებლობას;
  • პოლიციასთან კონტაქტის დროს პირები არ არიან აღჭურვილი უფლებების დაცვის სათანადო გარანტიებით. მათ ყველა შემთხვევაში არ განემარტებათ უფლებები, საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები, გასაჩივრების გზები და სხვა;
  • პოლიციის ყველა დანაყოფი არ არის აღჭურვილი სამხრე ვიდეოკამერებით, რაც ართულებს პოლიციის და მოქალაქის კონტაქტის დაფიქსირებას;
  • პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებზე ზედამხედველობის სისტემა ხარვეზიანია და მოქალაქის უფლებების აღდგენის ეფექტიან საშუალებას არ ქმნის;
  • პოლიციის საქმიანობაზე შიდა დისციპლინური კონტროლი პროცედურული ხარვეზებით ხასიათდება, ხოლო თავად შსს-ს გენერალურ ინსპექციაზე სასამართლო კონტროლი არაეფექტიანია;
  • პრობლემურია ასევე პოლიციის საქმიანობაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობაც, რომელიც, როგორც წესი, ფორმალურ ხასიათს ატარებს;
  • შსს არ აწარმოებს პოლიციის პრევენციული ღონისძიებების და მასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურ სტატისტიკას.

EMC-მ საქართველოში მოქმედი დანაშაულის პრევენციის სისტემის კვლევის პრეზენტაცია დღეს, 11 ოქტომბერს, წარადგინა. ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კვლევის პრეზენტაციას ასევე დაესწრო შსს-ს წარმომადგენელი შალვა ხაბულიანიც, რომელსაც კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, თუმცა პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, გურო იმნაძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეკლარირების დონეზე არაერთხელ გამოუხატავს ნება ამ პრობლემურ საკითხებზე მუშაობის, თუმცა ეფექტიანი ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა.

“პრობლემურ საკითხებზე მუშაობის ნება გამოხატული აქვს შსს-ს, მათ შორის, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის მოწესრიგებაზე, საპოლიციო პრევენციის და ზოგადად ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიციის სისტემის შექმნაზე, სტატისტიკის წარმოებაზე და ა.შ. – თუმცა ყველა ამ საკითხს ამ დრომდე აკლია კონკრეტული ეფექტის მქონე ნაბიჯები. იქნება ეს დანაშაულის პრევენცია, მოქალაქეების უფრო მეტი დაცვის გარანტიებით აღჭურვა, კამერების დამონტაჟება პოლიციის უნიფორმაზე და განყოფილებებში – ყველა ამ მიმართულებით დღემდე არ გვაქვს ჩვენ კონკრეტული ეფექტის მქონე ნაბიჯები გადადგმული,” – განუცხადა ნეტგაზეთს გურო იმნაძემ.

გურო იმნაძე, EMC-ის იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გურო იმნაძე, EMC-ის იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც EMC-ში აცხადებენ, კვლევის მიზანია, შეაფასოს ქვეყნის პოლიტიკა და ძირითადი სტრატეგიები დანაშაულის პრევენციის სფეროში, საპოლიციო ღონისძიებების მიზნები და საფუძვლები, მოქალაქეთა დაცვის გარანტიები პოლიციასთან კონტაქტის დროს, ასევე, პოლიციის საქმიანობაზე კონტროლის/ზედამხედველობის ფორმები და მათი არაეფექტურობა.

კვლევის ავტორების განცხადებით, მათი შეფასებები ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზს, ასევე, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შეფასებას, სხვა ქვეყნების სამართლებრივი სისტემის კვლევას. მათი თქმით, დოკუმენტში წარმოდგენილი მსჯელობა, ასევე, ეფუძნება EMC-ის წარმოებაში არსებული სტრატეგიული საქმეების განხილვის პროცესების შეფასებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევის ძირითად რეკომენდაციას წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის სისტემის რეფორმა ქვეყანაში და ამ გზით ჭარბი საპოლიციო კონტროლის რისკების შემცირება:

“მათ შირის, ეს გულისხმობს 2013 წელს მიღებული “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის ცვლილებას, ასევე, ინსტიტუციურ ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.”

კვლევის ავტორების თქმით, მნშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს დაბალანსებული, ჰუმანური და ეფექტიანი დანაშაულის პრევენციის მოდელი. მათი შეფასებით, ეს გამორიცხავს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, რეპრესიული სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებაში უხეში ჩარევის შესაძლებლობებს.

EMC-ში აცხადებენ, რომ მათი ცენტრი აგრძელებს პოლიციის სისტემის რეფორმის საკითხების ადვოკატირებას შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

EMC-ის კვლევა: დანაშაულის პრევენცია - საპოლიციო კონტროლის რისკები. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

EMC-ის კვლევა: დანაშაულის პრევენცია – საპოლიციო კონტროლის რისკები. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი