IMG_0502-e1507706398414

ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი [SEDM] მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხვდება ერთამენთს. მინისტერიალის მიზანია რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია.

მინისტერიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა.

„ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს საქართველო პირველად მასპინძლობს სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს ტურისტულ დედაქალაქ ბათუმში…  21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არაკონვენციური გამოწვევების სახით.  ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე – შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ,  გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა. ასეთი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა გამომდინარეობდა ხედვიდან, რომ ერთიანი ევროპა უკეთესად გაუმკლავდება კომპლექსურ და მუდმივად ცვალებად უსაფრთხოების გარემოს,“ – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს რეგიონის მინისტრების შეხვედრის დროს ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით.

მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანაა 2015 წლის 10 სექტემბრიდან.

SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის- სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. ამ პროექტის ხელმძღვანელი ამჟამად რუმინეთია. 2017 წლის ბოლოს პროექტის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით საქართველოს უწევს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი