ახალი ამბები

პრემიერი პანორამა-თბილისზე: მნიშვნელოვან ინვესტიციას დანაშაულად ნათლავენ

11 ოქტომბერი, 2017 • 1826
პრემიერი პანორამა-თბილისზე:  მნიშვნელოვან ინვესტიციას დანაშაულად ნათლავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა საკრებულოსთან 10 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას და განაცხადა, რომ ოპოზიცია  ცდლობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია , “პანორამა-თბილისი” დანაშაულად გამოაცხადოს.

ეს განცხადება პრემიერმა 11 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა საქართველოში დასრულდა 2012 წელს და “ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით”.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნების მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარებას საფრთხე ექმნება, თუმცა მოსახლეობამ დაინახა, რომ ეს სიცრუეა.

„არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ იხილა, რომ ოპოზიციის ერთი, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა”.

პრემიერის თქმით,  სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით:

“სამართალდაცავებმა არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს სხდომის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა; დამთავრებული იმით, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია მონათლონ დანაშაულად. ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მინდა მათაც კარგად იცოდნენ, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული დღეს, 11 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გუშინ საკრებულომ თბილისში ორი მიწის ნაკვეთი გადასცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, რასაც აპროტესტებდა ოპოზიცია. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, შენობის წინ დაპირისპირების დროს კი ოპოზიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.

საკრებულოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ პროექტ ” პანორამა-თბილისის”  მშენებლობას უკავშირდება. პანორამა თბილისი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი