WiFi

WiFi4EU – უფასო ინტერნეტი ევროკავშირის მაცხოვრებლებისა და მოგზაურებისთვის

ევროკავშირი ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს  უსადენო ინტერნეტის(WiFi) ახალ ქსელს სთავაზობს – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სქემა, სახელად „WiFi4EU“ ევროკავშირის სახელმწიფოების 6 000-დან 8000-მდე დასახლებას მოიცავს და ძირითადად ქალაქის მერიის შენობებში, ბიბლიოთეკებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გავრცელდება. პროექტი ევროპის პარლამენტმა არაფორმალურად მაისში მიიღო, 8 ოქტომბერს კი ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა.

უსადენო ინტერნეტის ახალი ქსელი სწრაფი და ადვილად გამოსაყენები იქნება. განცხადების მიხედვით, WiFi4EU-ს გავრცელების არეალი გეოგრაფიულად დაბალანსდება და ისე მოეწყობა, რომ  სწრაფი ინტერნეტით სარგებლობა ადგილობრივებსა და ტურისტებს თანაბრად შეეძლოთ. ევროპის საბჭო ქსელში ჩართვის მსურველებს მინიმალურ ბიუროკრატიას ჰპირდება და აცხადებს, რომ საჭირო ფინანსების 100%-ს ევროკავშირი დაფარავს.

პროექტის განსახორციელებლად 2017-2019 წლებისთვის 120 მილიონი ევროა გამოყოფილი, 2020 წლისთვის კი სამუშაოები საბოლოოდ დასრულდება. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ-იუნკერის თქმით, სწორედ ამ დროისთვის შეძლებენ ადამიანები ევროკავშირის ყველა სოფლისა და ქალაქის საზოგადოებრივ ცენტრებში უკაბელო ინტერნეტით სარგებლობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან