ახალი ამბები

დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი – უდუმაშვილმა მასშტაბური აქცია დააანონსა

10 ოქტომბერი, 2017 • 2199
დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი – უდუმაშვილმა მასშტაბური აქცია დააანონსა

თბილისის მერობის კანდიდატი ენმ-დან, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ შაბათს, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე თბილისში, რუსთაველის მეტროსთან გაიმართება საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

“როგორ მიიღეს დღეს გადაწყვეტილება: ჯერ საკრებულო საერთოდ გამოკეტეს, როგორც ერთი ჯიხური, შეიყუჟნენ შიგნით და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. გარეთ ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციის მონაწილეებზე, დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი – ივანიშვილის ბოსტანი”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა ორი საკითხი, რომელთა მიხედვით დამატებითი ფართები გადაეცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს – მიწის ნაკვეთი თაბორის რეზორტის პროექტის ფარგლებში გოლფის მოედნის სარწყავის მოსაწყობად და  ასევე მიწის ნაკვეთი პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა პარგინისთვის პროექტ “პანორამა თბილისის” პროექტისთვის.

უდუმაშვილის თქმით, ენმ  და მისი მხარდამჭერები ამას არ დაუშვებენ:

“ვაანონსებ შაბათს, 2 საათზე, ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას რუსთაველის მეტროსთან”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს პარლამენტის წევრები, თბილისის მერობის კანდიდატები, აქციის მონაწილეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სადავო საკითხის დამტკიცებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი