ახალი ამბები

ივანიშვილის კომპანიებისთვის მიწების გადაცემას სასამართლოში გაასაჩივრებენ

10 ოქტომბერი, 2017 • 1869
ივანიშვილის კომპანიებისთვის მიწების გადაცემას სასამართლოში გაასაჩივრებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემას სასამართლოში გაასაჩივრებენ იმის გამო, რომ სხდომა საჯარო იყო საჯარო.

“ბიძინა ივანიშვილისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის მიზნით მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მობილიზებული იმისთვის, რომ დეპუტატები არ შეეშვათ სხდომაზე, პარლამენტარები არ შეეშვათ სხდომაზე, აქტივისტები არ შეეშვათ სხდომაზე. პროცესი დაიგეგმა ისე, რომ არავის არ ჰქონოდა განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალება”, – განაცხადა ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

საკრებულოს წევრმა მარინა დათუკიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში არის სუს-ის მმართველობა, გაურკვეველი ტიპის ადამიანები დადიან საკრებულოში და მოქალაქეებს უღებენ ფოტოებს.

“ვეცადეთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც არაერთი კანონი დაარღვია, გაეხსნა სხდომა და მინიმუმ პარლამენტის წევრები შესულიყვნენ. ეს სხდომა არის არალეგიტიმური იმიტომ, რომ დარღვეულია არაერთი კანონი. ამ დარღვევების მითითებით ჩვენ გადავინაცვლებთ სასამართლოში, ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელ სხდომაზე იქნება მიღებული, ცნობილი იქნება არალეგიტიმურად”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა მარინა დათუკიშვილმა.

დღეს დილიდან პოლიციის კორდონით იყო შემოვლებული საკრებულოს შენობა. პოლიციამ არ მისცა საშუალება პარლამენტის წევრებს და მოქალაქეებს, რომ დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომას.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ოპოზიციას სხდომის ჩაშლა სურდა. ოპოზიცია კი აპელირებდა იმაზე, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის დეპუტატებს შეუძლიათ სათათბირო უფლებით დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომას. პოლიციამ ასევე არ მისცა საშუალება საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს – ირაკლი ნადირაძეს, საკრებულოს სხდომას დასწრებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ISFED-ისა და საიას შეფასებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ დაარღვია პარლამენტისა და საკრებულოს რეგლამენტები, რადგან პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, საკრებულოს სხდომებს დაესწრონ.

ამის გარდა, იურისტებმა მიუთითეს, რომ საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომის ნაწილობრივი დახურვა – მხოლოდ მედიის შესვლა და სხვების არდაშვება- არაა გათვალისწინებული რეგლამენტში. ორგანიზაციებმა ასევე მიუთითეს, რომ სხდომის დახურვას სჭირდება საკრებულოს მხარდაჭერა და ეს არ მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე დეპუტატების ნაწილმა გიორგი ალიბეგაშვილს ჰკითხა, თუ რის გამო დაიხურა სხდომა და რა საფუძველი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სხდომა დახურა, არ წარმოუდგენია.

აღნიშნულ საკითხზე შსს-მაც განმარტა, რომ პარლამენტის დეპუტატებს აქვთ უფლება, სხდომას დაესწრონ ყველა დონეზე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. პოლიციის განმარტებით, კორდონი შეკრეს საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით.

შსს-ს განმარტებით, პოლიციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა, გამოეწვია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის. ამის გამო პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების თაობაზე.

საკრებულოსთან ასევე მიმდინარეობდა აქცია, რომლის დროსაც 8 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

საკრებულომ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა  5200 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთები, თავისუფლების მოედანსა და თაბორის მთაზე. ორივე მიწის ნაკვეთი “პანორამა თბილისის” მშენებლობას უკავშირდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით არ დასრულებულა პოლიტიკური პროცესი. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა.

საკრებულოს გადაწყვეტილებას გაემიჯნა ალეკო ელისაშვილი, რომელმაც საკრებულოს დატოვების თაობაზე განცხადება 2 ოქტომბერს დაწერა  ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის განხილვის გამო.

“ფაქტია, რომ ოცნება თანდათან ხდება მოძალადე ხელისუფლება და დაესესხა წინა ხელისუფლებას უკვე ძალადობასაც. ეს არის ნიმუში, რომ ჭარბი ძალაუფლება აუცილებელად მიგვიყვანს ძალადობამდე. იმისთვის, რომ დაბალანსდეს ქართული ოცნების ხელისუფლების სიჭარბე და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ძალადობა, აუცილებელია ოქტომბრის ბოლოს გაჩნდეს ბალანსი და მოხდეს ქართული ოცნების ხელისუფლების ჩანაცვლება. მე შემიძლია პირობა დავდო, რომ ჩემს შემთხვევაში მსგავსი არ მოხდება. მუნიციპალიტეტი იქნება გახსნილი ყველანაირი აზრისადმი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა სამართლებრივ ბრძოლას, ელისაშვილმა განაცხადა, რომ  შეურთდება, თუმცა განმარტა, რომ ეს პროცესი ძალიან გაიწელება და ამაო იქნება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა 1 ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიის მხარდაჭერის შემდეგ საკრებულომაც დაამტკიცა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი