ახალი ამბები

ომბუდსმენი: დეპუტატებისა და მოქალაქეების საკრებულოში არშეშვება უხეში კანონდარღვევაა

10 ოქტომბერი, 2017 • 1608
ომბუდსმენი: დეპუტატებისა და მოქალაქეების საკრებულოში არშეშვება უხეში კანონდარღვევაა

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოს თავმდჯომარის მიერ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეებზე მითითებით სხდომის ყველასთვის დახურვა დაუშვებელია. ომბუდსმენი მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სხდომის საჯაროობა. ასევე, პარლამენტის წევრებისა და, შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა დაინტერესებული პირების შენობაში შეშვება.

დღეს გავრცელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, სადაც საუბარია, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის მიზეზად მოყვანილია წინა საკრებულოს სხდომაზე და მერიასთან განვითარებული მოვლენები.

ომბუდსმენის განცხადებით, თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, რაიმე ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით, ზოგადად, საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია.

“აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება. სხდომის დახურვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, „სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები.“ აღნიშნულ სხდომას აკვირდება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც” – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრებასაც. ომბუდსმენის განცხადებით, დაკვირვებამ გამოავლინა, რომ შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციელები პარლამენტის წევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

ნეტგაზეთმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რომელ კანონონს დაეყრდნო, როდესაც მედიისთვის ღია დატოვა საკრებულოს სხდომა, ხოლო მოქალაქეებისთვის და პარლამენტარებისთვის დახურა, რაც გიორგი ალიბეგაშვილმა ვერ დააკონკრეტა.

 

საკრებულომ, დღის წესრიგის მიხედვით, უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1 ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი