ახალი ამბები

დაუდგენელი პირები საკრებულოდან აქციის მონაწილეებს ფარულად უღებენ

10 ოქტომბერი, 2017 • 2073
დაუდგენელი პირები საკრებულოდან აქციის მონაწილეებს ფარულად უღებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაუდგენელი პირები არიან, რომლებიც გარეთ შეკრებილ ადამიანებს კამერებით აფიქსირებენ.

ამის შესახებ ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იუწყება. ამსახველი ვიდეოკადრები რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის თანაშრომელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ვიდეოში ჩანს, დაუდგენელი პირები სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილი, თუმცა მოქალაქეებს საკრებულოში შესვლის უფლება საკრებულოს წინ მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

როგორც ვიდეოში ერთ-ერთი მათგანი ხათუნა სამნიძეს ეუბნება, იგი უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი საკითხი უნდა განიხილონ, პოლიციის კორდონი დგას.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს. სხდომის პარალელურად აქციის გამართვა იგეგმება 14:00 საათზე. ევროპული საქართველოს პარლამენტის წევრები აპირებდნენ, რომ დასწრებოდნენ სხდომას სათათბირო უფლებით, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საკრებულოს წევრებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, სხდომას არავინ დაესწრება, რადგან ოპოზიციას საკრებულოს სხდომის ჩაშლა სურს.

საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით, უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი