ახალი ამბები

მამუკა ახვლედიანი: საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერი იქნება

10 ოქტომბერი, 2017 • 3510
მამუკა ახვლედიანი: საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერი იქნება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” წევრი, მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ საკრებულოს დღევანდელ, 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგანაც სხდომა კანონდარღვევით ტარდება.

ეს განცხადება მამუკა ახვლედიანმა საკრებულოს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“დიდი იმედი არ მქონდა, რომ რაიმე კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით, თუმცა, ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვეტანა და გვეთქვა საკრებულოს თავმჯდომარისთვის და უმრავლესობისთვის, რომ ისინი უხეშად არღვევენ კანონს. პასუხი იყო შემდეგი, რომ მათ უნდა ჩაატარონ სხდომა მშვიდ ვითარებაში. იშველიებდნენ წინა სხდომის მომენტებს, როდესაც მათ არ ეძლეოდათ სხდომის ჩატარების საშუალება. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კანონის მოთხივნა, საკრებულოს სხდომა ყველასთვის ღიაა და, მით უმეტეს, პარლამენტის დეპუტატებს აქვთ უფლება, სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა, რაზეც ვიღებთ მკაცრ და სასტიკ უარს თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობისგან. დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება არალეგიტიმური და არაკანონიერი იმიტომ, რომ ის კანონის უხეში დარღვევით იქნება მიღებული და ასეთი საკითხების კანინიერებას გადაწყვეტს სასამართლო,”- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საკრებულომ, დღის წესრიგის მიხედვით, უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1 ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი