ახალი ამბები

ოთხთვიანი ძებნის შემდეგ, დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

10 ოქტომბერი, 2017 • 2674
ოთხთვიანი ძებნის შემდეგ, დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა იუმორისტ დავით როსტომაშვილზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით თბილისში დააკავეს თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დავით როსტომაშვილს ყაჩაღურად დაესხა თავს.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ-მ გაქცევა მოახერხა. ამჟამად, დაკავებული ბ.კ. მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამავე ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულის სახით ასევე დაკავებული არიან 1991 წელს დაბადებული ზ. ქ. და 1988 წელს დაბადებული ა.ა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

დავით როსტომაშვილს ბეისბოლის ბიტით თავს 2017 წლის 14 ივნისს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად იუმორისტი ფიზიკურად დაშავდა.

დავით როსტომაშვილი თავდასხმის შემდეგ. ფოტო: ირაკლი კ.

მასალების გადაბეჭდვის წესი