ახალი ამბები

ცესკომ ანდრეი შევჩენკო არ დააჯარიმა

10 ოქტომბერი, 2017 • 2064
ცესკომ ანდრეი შევჩენკო არ დააჯარიმა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო თბილისში გამართული მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო არ დააჯარიმა. შევჩენკოს მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობაში აგიტაციის წესის შესაძლო დარღვევის თაობაზე ცესკოს საიამ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წერილობით უპასუხა.

თამარ ჟვანიას წერილის მიხედვით, შევჩენკომ, რომელიც უკრიანის მოქალაქეა, სადავო განცხადება საქველმოქმედო მატჩის შემდეგ გააკეთა და არა “წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ღონისძიებაზე”, შესაბამისად, ეს ამ კონკრეტული პირის მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებებია და “არ შეიძლება განხილული იქნეს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ წინასაარჩევნო აგიტაციად”. ცესკო ასევე აცხადებს, რომ ზემოხსენებული კანონი შევჩენკოს რომც დაერღვია, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჯარიმდებოდა, თუ საქართველოს ტერიტორიაზე იქნებოდა.

თამარ ჟვანიას წერილსა და არგუმენტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სრულად:

 

image1

image2

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში გაკეთებული განცხადების გამო საიამ ცესკოს მიმართა. საია ფიქრობს, რომ შევჩენკომ, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და ცესკოს მომხდარი ფაქტის შესწავლისაკენ მოუწოდა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა.

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ თქვა:

“დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციით, ვარსკვლავების თამაშზე 301 ათასი ლარი, ხოლო საქართველო-ირლანდიის მატჩზე 102 ათასი ლარი შეგროვდა. ფედერაციის ცნობით, ორივე თამაშიდან შემოსული 403 ათასი ლარი სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს. ვარსკვლავების მატჩის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ამ ბმულზე. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მატჩზე მოთამაშეების მოძიების თვალსაზრისით ფედერაციას ვარსკვლავებთან კომუნიკაციაში დაეხმარა.

“ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის” – ამ მინაწერით გამოაქვეყნა ფოტო ცნობილმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ, რომელმაც ასევე ითამაშა საქველმოქმედო მატჩში.

Legends in Tblisi for Kakha Kaladze

A post shared by Paolo Maldini official (@paolomaldini) on

მასალების გადაბეჭდვის წესი