ახალი ამბებისამართალი

გიორგი ოქროპირიძე აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

10 ოქტომბერი, 2017 • 2762
გიორგი ოქროპირიძე აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა, გიორგი ოქროპირიძემ დღეს, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ შიმშილობა დაიწყო.

გიორგი ოქროპირიძის თქმით, ცრუ დასმენის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი სრულად პოლიტიკურია და სასამართლოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ეს განცხადება გიორგი ოქროპირიძემ 10 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ოქროპირიძეს უპასუხა, რომ სასამართლოს ამ საქმის განხილვის ვადები არ დაურღვევია.

“დაიწყებთ თუ არა შიმშილობას, ეს თვქენი გადასაწყვეტია. სასამართლო მოგიწოდებთ ადამიანურად, რომ პირველ რიში, თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასამართლოს განხილვის ვადები არ დაურღვევვია, თქვენ სასამართლოს ვერ შემოედავებით, რომ ამ საქმის განხილვის ვადები დაარღვია. არცერთი პროცესი სასამართლოს მიზეზით არ ჩავარდნილა” – განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემული ახსნა-განმარტების გამო, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ამ ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დასმენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ. უკვე ორ წელზე მეტია, სასამართლო ცრუ დასმენის საქმეს იხილავს.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

დღევანდელ პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა წამოეთქვათ, თუმცა სიტყვის სრულად წარმოთქმა მხოლოდ პროკურორმა შეძლო. ოქროპირიძემ საკუთარი დასკვნითი სიტყვის დასრულება დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა.

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე თავის დასკვნით სიტყვაში ეყრდნობოდა სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. ამ ჩვენებების თანახმად, ოქროპირიძე ციხის თანამშრომლებს არ უცემიათ და მან თვითდაზიანებები მიიყენა. პროკურორის დასკვნითი სიტყვის მიხედვით, ოქროპირიძე ემუქრებოდა კიდეც ციხის თანამშრომლებს, რომ თვითდაზიანებებს მიიყენებდა, სახალხო დამცველს კი ამის შესახებ ეტყოდა და მათ დააბრალებდა. შესაბამისად, პროკურორი აცხადებს, რომ ოქროპირიძემ ცრუ ჩვენება მისცა, თითქოს ციხის ადმინისტარციის თანამშრომლებმა სცემეს.

ოქროპირიძე კატეგორიულად უარყოფს პროკურატურის ვერსიას. მისი განცხადებით, იგი ციხის თანამშორმლების მსხვერპლი გახდა და მასზე მუდმივად არის ზეწოლა სტრასბურგში შეტანილი სარჩელის გამოთხოვის მოთხოვნით. ბრალდებულის დაცვის მოწმემ, მსჯავრდებულმა ნუგზარ თაბაგარმა სასამართლოს მისცა ჩვენება, სადაც 2014 წელს ციხეში ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ოქროპირიძის ცემა დაადასტურა.

მოცემულ საქმეზე გიორგი ოქროპირიძის  საბოლოო სიტყვა მომდევნო სხდომაზე, 2017 წლის 3 ნოემბერს გაგრძელდება. ამ პროცესზე მას ადვოკატი სავარაუდოდ არ ეყოლება, რადგანაც 10 ოქტომბრის სხდომის შემდეგ მისი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის თანამშრომლობა შეწყდა.

გიორგი ოქროპირიძის საქმეში არსებული კითხვების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი