ახალი ამბები

გაბინაშვილი: არ შევცვლიდი არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელზეც ხელი მაქვს მოწერილი

9 ოქტომბერი, 2017 • 2359
გაბინაშვილი: არ შევცვლიდი არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელზეც ხელი მაქვს მოწერილი

მოსამართლედ უვადოდ გამწესების კანდიდატი, მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის დროს მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას არსობრივად არ შეცვლიდა.

ეს განცხადება გაბინაშვილმა დღეს, 10 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ გააკეთა.

“4 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, ჩატარებული იქნა უამრავი სხდომა და ეს სხდომები გამოწვეული იყო საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებით. შეცვლით, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა იფიქრო, რომ რაღაც შეცვალო შენს წარსულში მხოლოდ უკეთესობისკენ, მაგრამ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებიდან, რომელზედაც ხელი მაქვს მოწერილი, არც ერთ გადაწყვეტილებას არსობრივად არ შევცვლიდი,”- განაცხადა გაბინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, საბჭო გასაუბრების დროს დაინტერესდა, თუ როგორია მისი ხედვებით სასამართლოს განვითარებასთან დაკავშრებით:

“საბჭო დაინტერესდა ჩემი ხედვებით სასამართლოს განვითარებასთან დაკავშირებით, შეკითხვები დაისვა კანონში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორიც არის საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის იდეა. ასევე შეკითხვები დაისვა სასამართლოს შემდგომი განვითარების შესახებ, რაშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ ვხედავ ამ პროცესს, რა ჩართულობა უნდა ჰქონდეს მასში ინდივიდუალურ მოსამართლეს, ასევე შეკითხვები დასმული იქნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა გაბინაშვილმა.

მერაბ გაბინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

2000 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო შემდეგ – უფროს გამომძიებლად; 2005-2006 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად;

2006-2012 წლებში გაბინაშვილი სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში მუშაობდა, 2012 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომაზე 4 წლის ვადით იყო არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

დღეს, 10 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრება 14 მოსამართლეს, რომლებმაც უვადოდ დანიშვნის შესახებ განაცხადი გააკეთეს. გასაუბრებები 9, 10 და 11 ოქტომბერს გაიმართება და საბჭო, ჯამში, 40-მდე მოსამართლეს გაესაუბრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი