ახალი ამბები

1 ნოემბრიდან სიჩქარის გადაჭარბებას და სხვა დარღვევებს შსს კამერების საშუალებით დააჯარიმებს

9 ოქტომბერი, 2017 • 11523
1 ნოემბრიდან სიჩქარის გადაჭარბებას და სხვა დარღვევებს შსს კამერების საშუალებით დააჯარიმებს

შსს-ს ცნობით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის გადაჭარბება, შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა და სხვა დარღვევები “ჭკვიანი კამერების” საშუალებით დაჯარიმდება.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის,“ – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ცნობით, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე “ჭკვიანი კამერა” მონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:
• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge;
• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი