ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სერჟ სარგსიანის საჭადრაკო პარტია

9 ოქტომბერი, 2017 • 2415
სერჟ სარგსიანის საჭადრაკო პარტია

[red_box]წავა თუ არა სერჟ სარგსიანი[/red_box]

წელიწადზე მეტია, სომხეთის შიდაპოლიტიკური ცხოვრება ერთი საკითხის გარშემო ტრიალებს: რა მოხდება 2018 წლის აპრილში, როდესაც პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება და სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება. “ბოროტი ენები” კი ირწმუნებიან, რომ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმების მთავარი მიზანი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც სარგსიანისთვის ქვეყნის მართვის შესაძლებლობის მიცემაა [ძველ კონსტიტუციით, პრეზიდენტის ორ ვადაზე მეტად არჩევის უფლება შეზღუდული იყო]. რა თქმა უნდა, თავად სარგსიანი და მისი თანამზრახველები მსგავს ბრალდებებს უარყოფდნენ, თუმცა ახალ სისტემაზე გადასვლის დროის მოახლოებასთან ერთად ნათელი ხდება, რომ სარგსიანი დასვენებას არ აპირებს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნები შეიზლება ორ ჯგუფად დავყოთ: ქვეყნები, სადაც მისმა ლიდერებმა საკუთარი მმართველობის გახანგრძლივება ორ ვადაზე მეტხანს შეძლეს და ქვეყნები, სადაც მსგავსმა პრაქტიკამ ვერ იმუშავა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტეს ნაწილში პრობლემა საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვების მოხსნის გზით გვარდებოდა. პოლიტიკური დღეგრძელობა აზერბაიჯანისა და ბელარუსის ლიდერებმა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დიდ ნაწილში სწორედ ასეთი საშუალებებით უზრუნველყვეს.

რუსეთში პრობლემა უფრო მოქნილად გადაჭრეს- პუტინისა და მედვედევის “როქით” [ჭადრაკში – მეფისა და ეტლის ერთობლივი სვლა]. თუმცა სომხეთისთვის ეს ვარიანტები არ გამოდგება. პირველი ვარიანტი საკმაოდ ღიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ნორმებს: სომხეთი, იმის მიუხედავად, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებას ცდილობს. მსგავს დემარშს კი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეეძლო.  ამიტომაც სხვა ვარიანტი იყო შერჩეული, რაც გარკვეულწილად ჰგავდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დასასრულს: მმართველობის სხვა ფორმაზე გადასვლასა და ამავე დროს, ხელისუფლებაში მმართველი პარტიის შენარჩუნებას.  განსხვავება ის არის, რომ საქართველოში ამ სქემამ არ იმუშავა. საბოლოოდ, 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში იმ დროისთვის ოპოზიციაში მყოფი “ქართული ოცნება” აღმოჩნდა. თუმცა სომხეთში ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის:  2016 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. მართალია, ამ გამარჯვებას თან ახლდა ბრალდებები ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, თუმცა არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი არ ყოფილა.  

[blue_box]რთული პოლიტიკური კომბინაციების ოსტატი[/blue_box]

ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის დროს სერჟ სარგსიანი სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. სპორტის ამ სახეობაშჲ სარგსიანის შესაძლებლობების შესახებ დაზუსტებული ცნობები არ გვაქვს, თუმცა რთულ შიდაპოლიტიკური კომბინაციების გათამაშებაში სარგსიანი აღიარებული ოსტატია. ახლაც, როგორც ჩანს, სარგსიანისთვის არ არის რთული ისეთი პარტიის გათამაშება, რომლის მიზანიც ხელისუფლებაში დარჩენაა. პირველი ნაბიჯი ამ პოლიტიკურ მრავალსვლაში სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ 2015 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმია. ძველი კონსტიტუციით, სარგსიანს, რომელსაც 2018 წლის აპრილში მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება, საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. აი, პრემიერობა კი ნამდვილად შეუძლია.

თავად სარგსიანი თავს არიდებს ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, სად ხედავს საკუთარ თავს 2018 წლის შემდეგ. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სარგსიანმა განაცხადა, რომ თუ მისი პარტია გაიმარჯვებს, “ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ როლს ითამაშებს”, თუმცა არ დაუზუსტებია- რა რანგში. არც ბოლო ინტერვიუს დროს [16 ივლისს] უპასუხა კითხვას პირდაპირ, სურს თუ არა 2018 წელს პრემიერად დანიშვნა.

სარგსიანის მიერ გათამაშებული კომბინაციის უპირატესობა ის არის, რომ ახალი კონსტიტუცია მას და მის გუნდს ფართო შესაძლებლობას აძლევს. პრემიერის სავარძლის დაკავება ყველაზე პროგნოზირებადი ვარიანტია, თუმცა, არა ერთადერთი. სარგსიანს პრემიერის პოსტის დაუკავებლად შეუძლია დე ფაქტო ძალაუფლების შენარჩუნება. შეუძლია დარჩეს მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ და, რამდენადაც ამ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა გააჩნია, ყველა მნიშვნელოვან გადაწვეტილებას სარგსიანის ხელმძღვანელობით მიიღებენ. არ უნდა გამოვრიცხოთ სხვა კომბინაციებიც, რომლებიც სარგსიანს საშუალებას მისცემს, ხელისუფლებაში ყველაზე გავლენიანი პირი გახდეს და, ამავე დროს, დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ბრალდება თავიდან აიცილოს.

[red_box]რამ შეიძლება სარგსიანს ხელი შეუშალოს?[/red_box]

2018 წლის აპრილამდე არცთუ ისე ცოტა დრო დარჩა და მოვლენების განვითარების მინიმუმ ორი სცენარია, რომლის შემთხვევაშიც სარგსიანი 2018 წლის შემდეგ ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს. ერთ შემთხვევაში, ე.წ. მმართველ ელიტაში იქნება უთანხმოება და რადიკალური პროტესტი სისტემის წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, რომ მმართველი ელიტის გარკვეული ნაწილი სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგაც გამოვიდეს. მსგავსი ბუნტის დასაწყებად შესაფერისი კანდიდატიც არსებობს – პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, რომელიც პრემიერის პოსტს 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს. კარაპეტიანი, ერევნის ყოფილი მერი, რომელიც ბოლო წლებში რუსული გაზპრომის სისტემაში მუშაობდა, “ეფექტურ მენეჯერად” მიიჩნევა. ამავე დროს, ის ადგილობრივ ოლიგარქებთან მაკომპრომატირებელ კავშირებში შემჩნეული არ არის. მართალია, მას რუსულ ბიზნესთან, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ მდიდარ სომხებთან აქვს კავშირები, თუმცა სომხეთში ეს უფრო უპირატესობად მიიჩნევა, რადგანაც ინვესტიციების შესაძლებლობას უკავშირდება. კარაპეტიანის შესახებ წარმოდგენა კი, როგორც “ადამიანზე მოსკოვიდან”, ზედმეტად გადაჭარბებულია.

სწორედ კარაპეტიანი- შედარებით ახალგაზრდა, ენერგიული, ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული პოლიტიკოსი- გახდა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო სახე. შესაბამისად, რესპუბლიკელები, პირველ რიგში, სწორედ მას უნდა უმადლოდნენ გამარჯვებას.

დღემდე კარაპეტიანი სარგსიანის მიმართ კეთილგანწყობილია. თუმცა სიტუაციის შეცვლა გამორიცხული არ არის. ივნისის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში კარაპეტიანმა განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილის შემდეგაც მზადაა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩეს. მართალია, ახალი კონსტიტუციით, სომხეთის პრემიერმა თანამდებობაზე დანიშვნამდე სომხეთის ტერიტორიაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უნდა იცხოვროს, კარაპეტიანი კი რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ პოსტსაბჭოთა სომხეთში სამართალწარმოების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით ამ პრობლემის გადაჭრაც შეიძლება: მაგალითად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რუსულ გაზპრომში ერევნის ბინიდან გაუსვლელად მუშაობდა. ასე რომ, კარაპეტიანის ფიგურა ამ საკითხში გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისეთი ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის აპრილში კარაპეტიანი პრემიერად დარჩება, სარგსიანი კი ქვეყნის მართვის მექანიზმებს დაიტოვებს. თუკი მსგავსი შეთანხმება შედგა, ის მაინც დროებითი მოვლენა იქნება: საეჭვოა, რომ კარაპეტიანი უძლეველი სარგსიანის მმართველობის დროს “ინგლისის დედოფლის” როლმა დააკმაყოფილოს.

სხვა პოტენციური პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება სარგსიანი აღმოჩნდეს – რადიკალური ანტისისტემური პროტესტია. მართალია, ოპოზიცია დღეს ძალიან სუსტია და სარგსიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სომხეთში პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩის პროტესტი. ასე მოხდა 2015 წლის ივნისშიც, როდესაც ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა. 2016 წლის ივლისში კი ხელისუფლება უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: შეიარაღებულმა მეამბოხეებმა ორი კვირის განმავლობაში ხელში ჩაიგდეს პოლიციის საპატრულო განყოფილების შენობა. შეირაღებული ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ ყარაბაღის ომის ვეტერანები, რომლებიც საკუთარ თავს “სასნა ცრერს”, ანუ “მამაცები სასუნიდან” უწოდებდნენ [სომხური ეპოსის დასახელება. ქართულ რეალობაში ანალოგიური როლს თამაშობს “ვეფხისტყაოსანი’]. მათმა გამოსვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ბევრმა, მათ შორის ოპოზიციაშიც, მათი ძალადობრივი ქმედებები დაგმო, თუმცა “სასნა ცრერს” ბევრი მხარდამჭერიც ჰყავდა.

“სასნა ცრერის” მხარდასაჭერად ასობით, შემდეგ კი ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორი კვირის შემდეგ თავად არ ჩაბარდებოდნენ ხელისუფლებას, რთული წარმოსადგენია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ამჟამად სიტუაცია ხელისუფლების სრულ კონტროლქვეშაა. დაჯგუფების წევრების მიმართ კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. თუმცა “სასნა ცრერმა” აჩვენა, რომ სომხეთში შიდაპოლიტიკური სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს “აფეთქდეს”.

ბევრია დამოკიდებული საგარეო მოთამაშეებზეც. სარგსიანის მიმართ დამოკიდებულება დასავლეთშიც და რუსეთშიც საკმაოდ ფრთხილია. მოსკოვში არ დავიწყებიათ აღმოსავლეთ პარტნიორობაში სომხეთის აქტიური მონაწილეობა, ბრიუსელში კი – მისი მოულოდნელი გადახვევა საბაჟო კავშირისკენ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი. ამის მიუხედავად, სარგსიანმა საკუთარი თავი როგორც მოსკოვისთვის, ასევე დასავლეთისთვის კომფორტულ პარტნიორად წარმოაჩინა და არც ერთ მხარეს არ დაუტოვა მიზეზი, მხარი მის ოპონენტებს დაუჭიროს.

ასე რომ, სავარაუდოდ, თუ არ იქნება ფორსმაჟორი, სარგსიანის საჭადრაკო პარტია ისე დასრულდება, როგორც მას სურს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ხშირად ადარებენ პოლიტიკას ჭადრაკს, რეალური პოლიტიკა კი უფრო ნარდის თამაშს ჰგავს, სადაც მოთამაშის ოსტატობაზე მეტად გამართლებაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი