თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მესამე ძმის დაყაჩაღება სცადეს

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მესამე ძმის, მალხაზ მამალაძის სახლში შავებში ჩაცმული უცნობი კაცი მივიდა და ფულის გამოძალვა სცადა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრების შეფასებით, ეს მათ გასაჩუმებლად კეთდება.

როგორც თორნიკე მამალაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მისი ძმა ბათუმში, ნაქირავებ ბინაში, ცხოვრობს, სადაც მისი დაყაჩაღება სცადეს. დეკანოზის ოჯახის წევრების თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია, გუშინ იყო ერთადერთი ღამე, როცა მალხაზ მამალაძე მარტო დარჩა სახლში.

“დილით, 05:30 საათზე, დააკაკუნეს ჩემი ძმის სახლის კარზე. მახლაზმა კარი გააღო და მისთვის უცნობი ადამიანი დახვდა, რომელსაც სულ შავები ეცვა – შავი კაპიუშონით და შავი ხელთათმანებით. ამ უცნობმა კაცმა ჰკითხა, იყო თუ არა ნამდვილად მამა გიორგი მამალაძის ძმა, რაზეც მალხაზმა უპასუხა, დიახ, ნამდვილად მამა გიორგის ძმა ვარო. შემდეგ ეს კაცი ბეჭებში ეცა ჩემს ძმას და მოსთხოვა ფული. რამდენს ითხოვდა, არ დაუსახელებია. ჩემმა ძმამ ხელი ჰკრა ამ ბიჭს, რის შემდეგაც ის გაიქცა სახლიდან,” – ამბობს თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მალხაზ მამალაძემ მაშინვე შეატყობინა მომხდარი პოლიციას, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. მსჯვარდებული დეკანოზის ოჯახი წევრები მიიჩნევენ, რომ ეს არის იმ განცხადებების შედეგი, თითქოს ისინი გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს უნდა შეეგუონ და ვინც არ შეეგუება, ეს მათი პრობლემაა.

“ეს არის მიმართული იმისკენ, რომ გავჩუმდეთ, შევწყვიტოთ ბრძოლა და შევეგუოთ მამა გიორგის მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენს. არასდროს გავჩუმდებით, რადგან ჩვენკენ არის სიმართლე და ამ სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე,” – ამბობს თორნიკე მამალაძე.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაგვპირდნენ, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაციას თავადვე გვაცნობებდნენ.

თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა. ფოტო: ნეტგაზეთი

თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა. ფოტო: ნეტგაზეთი

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. დეკანოზი თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით).

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. პროკურატურის შუამდგომლობით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.