ახალი ამბებისამართალი

ყოფილ ცოლზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

9 ოქტომბერი, 2017 • 2579
ყოფილ ცოლზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 9 ოქტომბერს, სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობაში ბრალდებული, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დამნაშავედ ცნო – მას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან გვაცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შ.მ-მ უარი განაცხადა თავისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ ქ. ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ.მ-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიების ინფორმაციით, ნ.ს-ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სასამართლოს ინფორმაციით, პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით, ნ.ს-ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეეზღუდა. მიუხედავად ამისა, 17 მარტს „მიცუბიში პაჯერო იოს“ მარკის ავტომანქანას მართავდა. სამართალდამცველებმა ნ.ს. იმავე დღეს თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი