ახალი ამბებიხელოვნება

2017 წლის “საპატიო თბილისელები” – ზაზა ფაჩულია, ლადო ათანელი, იოჰანეს ჰანი და სხვები

8 ოქტომბერი, 2017 • 5332
2017 წლის “საპატიო თბილისელები” – ზაზა ფაჩულია, ლადო ათანელი, იოჰანეს ჰანი და სხვები

დღეს, 8 ოქტომბერს, “თბილისობის” ფარგლებში გამართულ გალა-კონცერტზე 2017 წლის “საპატიო თბილისელები” გამოვლინდნენ, რომლებსაც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ სიმბოლურად “თბილისის გასაღებები” გადასცა.

“საპატიო თბილისელის” წოდება მიიღეს:

  1. ბარიტონი – ლადო ათანელი;
  2. პუბლიცისტი – თამაზ ტყემალაძე;
  3. ნევროლოგი – რომან შაქარიშვილი;
  4. ყოფილი ჩოგბურთელი – ალექსანდრე მეტრეველი;
  5. ევროკომისარი – იოჰანეს ჰანი;
  6. მსახიობი, რეჟისორი – მერაბ თავაძე;
  7. ექიმი – გულიკო ჩაფიძე;
  8. ფოტოჟურნალისტი, მწერალი – დემიკო ლოლაძე;
  9. მეცნიერი, ქიმიკოსი – ეთერ ქემერტელიძე;
  10. ისტორიკოსი, ებრაული ენის პედაგოგი – ზაიარა დავარაშვილი;
  11. კომპოზიტორი – ვაჟა დურგლიშვილი;
  12. მუსიკოსი – თამაზ ყურაშვილი (თათუზა);
  13. კალათბურთელი – ზაზა ფაჩულია.

“საპატიო თბილისელის” წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. დავით ნარმანიას თქმით, ეს დღე მისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქის მერის რანგში ბოლოჯერ გადასცემს “საპატიო თბილისელებს” სომბოლურ “გასაღებს”.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ დაფასებას და თითოეული ჩვენგანისგან განაკუთრებულ მოფერებას, განაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ და საჭიროებენ,” – განაცხადა დავით ნარმანიამ და გაიხსენა ის “საპატიო თბილისელები”, რომლებიც უკვე ცოცხლები აღარ არიან.

თბილისის მერის თქმით, წელს დედაქალაქის ხელისუფლებამ “საპატიო თბილისელების” შესახებ წიგნი გამოუშვა, სადაც ყველა ადამიანის ბიოგრაფია და დამსახურებები წერია, ვისაც დღემდე ეს წოდება აქვს მინიჭებული.

7-8 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში თბილისობას აღნიშნავენ. 2017 წლის “თბილისობისთვის” არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. “თბილისობის” ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარებული კონცერტები, გამოფენები და შოუები მერიას მილიონ ლარამდე დაუჯდა.

2017 წლის საპატიო თბილისელები. ფოტო: მერია

2017 წლის საპატიო თბილისელები. ფოტო: მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი