ახალი ამბები

კონგოში გაუჩინარებული მფრინავის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

8 ოქტომბერი, 2017 • 2002
კონგოში გაუჩინარებული მფრინავის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართეს. 8 თვის წინ კონგოში გაუჩინარებული მფრინავის ოჯახის წევრები და მეგობრები უნდობლობას უცხადებენ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ოსორაულის გარდაცვალების შესახებ და უწყებას უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საქართველოს დიპლომატიური უწყებისგან დამატებით რეაგირებას და  საქართველოს მოუწოდებენ კონგოს რესპუბლიკასთან მოლაპარაკებისკენ. მათი თქმით, ფოტოები, რომლებიც ოჯახს აჩვენეს, არ ადასტურებს სოსო ოსორაულის სიკვდილს.

“მე  მოვითხოვე ფოტომასალის გადმოცემა, რაზეც უარი მითხრეს. იმ ფოტოზე , რომელზეც სოსოა გამოსახული, რომლითაც ამტკიცებენ, რომ არის დაღუპული თავში სროლის შედეგად, მაგრამ თავში ნასროლი არ ეტყობა, შესაბამისად, მაქვს ეჭვი, რომ ფოტო არის დამონტაჟებული. ჩემთვის მიუღებელია ამ ფოტოზე დაყდნობა,” –  აცხადებს სოსო ოსორაულის ძმა , გიორგი ოსორაული.

ოჯახის წევრები დამატებით ექსპერტიზასა და ოფიციალურად დადასტურებულ ზუსტ ინფორმაციას ითხოვენ.

“ჩვენ გვაქვს მთხოვნები, რომ ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან, დაგვიდასტურონ. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ ვითხოვთ დადასტრურებას. მით უმეტეს, როცა გვეუბნებიან, რომ იციან, სად არის მისი საფლავი.  გვეუბნებიან, როცა ვიპოვით, მაშინ გაგარკვევთ. გავიდა 9 თვე და დღემდე გაუგებარია ინფორმაცია,” – აღნიშნა დაღუპულის მეუღლემ, ნინო ოსორაულმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი