ახალი ამბები

უდუმაშვილი: დევნილთათვის შევქმნით სპეციალურ სამსახურს და წელიწადში 10 მილიონს დავხარჯავთ

7 ოქტომბერი, 2017 • 3524
უდუმაშვილი: დევნილთათვის შევქმნით სპეციალურ სამსახურს და წელიწადში 10 მილიონს დავხარჯავთ

ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, არჩევნის შემთხვევაში დედაქალაქში მცხოვრებ დევნილებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნას დაჰპირდა, რომლისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან წელიწადში 10 მილიონი ლარი განისაზღვრება.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა წყნეთში მცხოვრებ დევნილებთან საუბრისას განაცხადა, მისი მერობის შემთხვევაში, ყველა დევნილს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი

“არ მაქვს იმედი, რომ დევნილთა სამინისტრო ოდესმე გაიღვიძებს იმიტომ, რომ ამდენი წელი დევნილებს ასეთ [ცუდ] პირობებში უწევთ ცხოვრება და ყურადღების მომქცევი არავინ არ არის. ასევე, სამწუხაროა ის, რომ თბილისის არც ერთ ხელისუფლებას აზრადაც არ მოსვლია, რომ დევნილებისთვის განსაკუთრებული და სპეციალური სამსახური შეექმნა, რომელიც იზრუნებდა მათი პრობლემების მოგვარებაზე. სწორედ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ოქტომბრის შემდეგ. დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად, თბილისის მერია სპეციალურ სამსახურს შექმნის და თბილისის ბიუჯეტში გაჩნდება მუხლი, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს 10 მილიონ ლარს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის,” – განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, დევნილებისთვის შექმნილ სპეციალურ სამსახურს აფხაზეთიდან დევნილი ბესო შენგელია უხელმძღვანელებს. ენმ-ის მერობის კანდიდატის შემდეგ დევნილებს შენგელიამაც მიმართა და განაცხადა, რომ არც ერთი დევნილი იცხოვრებს ცუდ პირობებში.

“ყველა დევნილი მიიღებს იმ ღირსეულ საყოფაცხოვრებო პირობებს, რომელიც მათ ეკუთვნით… ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს განსაკუთრებულად არ მოვეფეროთ და განსაკუთრებული პირობები არ შევუქმნათ დედაქალაქში. ერთმანეთის ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ შედეგს, რომ თბილისში ვიცხოვრებთ ყველაზე ღირსეულად და ყველა ერთად დაველოდებით, როდის ავირჩევთ სოხუმის პირველ არჩეულ მერს,” – განაცხადა ბესო შენგელიამ.

ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ “არცთუ ისე შორეულ მომავალში ჩვენ უკვე ერთმანეთს სოხუმში შევხვდებით და სოხუმში ავირჩევთ პირველ არჩეულ მერს.” იმავეს ამბობს ბესო შენგელია, რომელიც იმედოვნებს, რომ შემდეგი თვითმმართველობის არჩევნები სოხუმში ჩატარდება.

ზაალ უდუმაშვილს აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გამოფენილი ჰქონდა ფოტოსურათები, რომელიც, მისი თქმით, თბილისში მცხოვრებ დევნილთა რთულ პირობებს ასახავს. როგორც ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, დედაქალაქის ხელისუფლება და დევნილთა სამინისტრო დახმარების ნაცვლად, ამ ადამიანებს ავიწროვებს და ერთ-ერთ დევნილ ოჯახს ისე უყიდის ისედაც დანგრეულ სახლს, არც ეუბნება, სად იცხოვრებენ და რა ბედი ელით.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და მერის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დანიშნული. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ: კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), კახა კუკავა (ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა – დავით უსუფაშვილი), გიორგი ვაშაძე (ერთობა – ახალი საქართველო), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია).

გაბრაზებული ზაალ უდუმაშვილი. 29.09.2017. თბილისი, საკრებულოს შენობა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ბესო შენგელია (მარცხნივ) და ზაალ უდუმაშვილი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი