ახალი ამბები

NGO-ები: პრეზიდენტის შეთავაზება კონსტიტუციაზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობაა

7 ოქტომბერი, 2017 • 2093
NGO-ები: პრეზიდენტის შეთავაზება კონსტიტუციაზე  ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობაა

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით არის გონივრული კომპრომისი და ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობა:

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით 4 საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს: ბონუს-მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, მას შემდეგ, რაც ის ორპალატიანი გახდება.

“მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. შემოთავაზებული საკითხები ძირითადად კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე – საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას  შორის საკონნსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევის შესახებ შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართა. უმრავლსეობას სურს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მხოლოდ ორ ნაწილში, ბონუსის სისტემისა და ერთჯერადი ბლოკების  წინააღმდეგ გამოიყენოს, თუმცა გიორგი მარგველაშვილს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნბისთვის სურს და ახალ კონსტიტუციაშიც ასე წერია, ხოლო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2020 წლიდან ითხოვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის.

განცხადებას ხელს აწერენ :

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ლიბერალური აკადემია
ფონდი ღია საზოგადოება
საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი