ახალი ამბები

სამუშაო ადგილზე მუშების შესაძლო ცემას შსს იძიებს

6 ოქტომბერი, 2017 • 2476
სამუშაო ადგილზე მუშების შესაძლო ცემას შსს იძიებს

კომპანია “ალბატროსის” თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ 3 მუშას სამსახურში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დასაქმებულების თქმით, ცემის მიზეზი ხელფასთან დაკავშირებული გაუგებრობა გახდა:

“სამი მუშა ავიდა [უფროსთან], რომლებმაც თავიანთი კუთვნილი ხელფასი მოითხოვეს, რომ ჩაერიცხა კომპანიის უფროსს. თანხა ჩაერიცხათ, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა. [ამის შემდეგ] ჩამოდიან, ხვდებიან დაცვის თანამშრომლები და ამ სამ მუშას სცემენ” – ამბობს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან კომპანიის ერთ-ერთი დასაქმებული.

“ალბატროსის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასაქმებულებს, გარკვეული პერიოდის განამვლობაში კომპანია ზედმეტ თნხას ურიცხავდა. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად დაიბარა 3 თანამშრომელი “ალბატროსის” მონიტორინგის სამსახურის უფროსმა:

არა იმის გამო, რომ თანხების დაბრუნება მოეთხოვათ. საერთოდ არ ყოფილა საუბარი თავიდანვე თანხის დაბრუნებაზე. უბრალოდ, გვაინტერესებდა იმ ადამიანების დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირებით. ზოგი თვლიდა რომ ეკუთხვნოდა, ზოგი თვლიდა რომ არ ეკუთვნოდა. იქაც იყო აზრთა სხვაობა. ვინც თვლიდა, რომ არ ეკუთვნოდა შემოგვთავაზეს კიდეც, რომ დაებრუნებინათ თანხები, ზოგმა ჩათვალა რომ ეკუთვნოდა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს კომპანიის შეცდომა იყო და მატერიალური თვალსაზრისით თანამშრომლებს პასუხი არ უნდა ვაგებინოთ” – ამბობს “ალბატროსის” ადმინისტრაციის უფროსი მადინა თვაური. 

შეხვედრაზე რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფენ დასაქმებულებიც. როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი გაბრიელ მგალობლიშვილი ამბობს, თავად შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა იქ მყოფთაგან იცის, რომ შეხვედრამ მშვიდად ჩაიარა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე მყოფმა დასაქმებულებმა მონიტორინგის სამსახურის უფროსის კაბინეტი დატოვეს, მათ დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ:

“გამოსვლა იყო თუ არა კაბინეტიდან დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ 3 დასაქმებულს. თუ დააშავა ადამიანმა, სამსახურიდან გაუშვიმ , მაგრამ ჩვენ ზოგადად, დანაშაულიც არ ჩაგვიდენია. არაფერი მოთხოვნა არ ყოფილა, უბრალოდ გასარკვევი იყო როგორ მოხდა, რომ ადამიანს 10 თვე გერიცხება ხელფასი და არავინ არ იცის. იმათ ჰქონდათ მიდგომა, რომ ტყულად ერიცხებოდათ ხელფასი და რატომ არ თქვესო. ადამიანს, ტყუილად რომ  ერიცხება ხელფასი და 10 თვე თუ ურიცხავ ტყუილუბრალოდ  და მით უმეტეს, ელექტრონული ბარათია. ხელშეკრულების ზემოთ რაც იყო, ეს იყო დანამატი, 10 კაცის, სულ 13 ვიყავით. ის 3 ადამიანი ჩვენზე მეტ საქმეს აკეთებდა და ვუნაწილებდით ამ თანხას” – ამბობს მგალობლიშვილი.

როგორც “ალბატროსში” აცხადებენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაცვის 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახლა გამოძიების შედეგებს დაელოდებიან. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი