ახალი ამბები

“სასულიერო პირების პასუხისგებით გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღეთ”

4 ივნისი, 2013 • • 988
“სასულიერო პირების პასუხისგებით გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღეთ”

როგორც კბილაშვილმა დღეს, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არსებობს იმის რწმენა, რომ რომელიმე ბრალდებული სასულიერო პირი ქვეყნის დატოვებას აპირებს, ან მტკიცებულებებს გაანადგურებს, რადგან მტკიცებულებები  ვიდეომასალებია.

 

“ანუ, თუ ჩვენ აქ აღკვეთის ღონისძიებას გამოვიყენებდით, ეს იქნებოდა არა ბუნებრივი საჭიროება, არამედ – ხელოვნური. აბსოლუტურად არ იყოს ამის საჭიროება”, – განაცხადა მან.

 

როგორც ცნობილია, 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს, დილით, წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროკურატურამ მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ მოითხოვა. სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, ხომ არ აპირებს პროკურატურა, რომ ბრალის წაყენების შემთხვევაში, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, აღკვეთი ღონისძიების არმოთხოვნის პრაქტიკა დანერგოს და არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ საერო ადამიანების მიმართაც გამოიყენოს, კბილაშვილი პასუხობს, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე გამოყენებულია. მისი თქმით, ალექსანდრე ბახუტოვის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ცოცხალი იყო და ამ დროს მისი მკვლელობის ბრალდებით ადამიანს სასჯელი მიუსაჯეს, პროკურატურამ პროკურორის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება ბახუტოვის საქმის არასაფუძვლიანად გამოძიების გამო და აღკვეთი ღონისძიება არც ამ პროკურორის წინააღმდეგ გამოუყენებია. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები, როდესაც პროკურატურა სასამართლოს პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებით არ მიმართავს, შესაძლოა, კიდევ იყოს.

 

კბილაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების საკითხი მეორე და მესამეხარისხოვანია, რადგან თვითონ ფაქტი, რომ სასულიერო პირები საერო კანონების ქვეშ პასუხისგებაში იქნენ მიცემული, იმდენად დიდი და ტევადი მნიშვნელობის ფაქტია, რომ სხვა ყველაფერს გადაფარავს.

 

“მე ვერ ვიხსენებ მსგავსი სიღრმის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ სასულიერო პირების მიმართ აქამდე მიგვიღია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვებრძვით ძალადობას. სისხლის სამართლის გამოძიება სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ, ჩვენი აზრით, ცალკეულმა ადამიანებმა და მათ შორის ამ ორმა სასულიერო პირმა ძალადობის დემონსტრირება მოახდინა. სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ და არა გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ჰქონდათ თავდაპირევლი აქციის მონაწილეებს (ეს კანონში ჯდება) და ანტისაპროტესტო აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს გარკვეული ხასიათის ურთიერთობებს (ეს სამართლის მიღმაა). როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პასუხისგებაში მიგვეცა სასულიერო პირები, გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღეთ. დასამალი არ არის, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ მოსწონს და არ იღებს იმ იდეებსა და ქმედებებს, რაც უმცირესობის მიერ იქნა გავრცელებული. გარკვეულ უმრავლესობას შეიძლება სასარგებლოდ და აუცილებლადაც კი მიეჩნია ის ქმედებები, რაც სასულიერო პირებმა განახორციელეს, მაგრამ კანონი ამბობს სხვა რამეს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კანონის დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

კბილაშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ 17 მაისის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი