ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სვლა გვიხარია

6 ოქტომბერი, 2017 • 3688
აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი: საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სვლა გვიხარია

ალი ქერიმლი აზერბაიჯანში ყველაზე რეპრესიულ ოპოზიციურ ლიდერად მიიჩნევა. ქერიმლი აზერბაიჯანში ფაქტიურად უპასპორტოდ (შესაბამისმა ორგანოებმა საზღვარგარეთის პასპორტის გაცემაზე მას უარი უთხრეს), ციხის გარეთ მყოფი თანამოაზრეების, შტაბ-ბინის გარეშე დარჩა და მუდმივ შევიწროებას განიცდის (მისი სახლის წინ ხელისუფლება ხშირად მართავს აქციებს მის წინააღმდეგ).

რამდენიმე დღის წინ ალი ქერიმლის პარტიამ ლოზუნგით “გეყოფათ ქურდობა!” მიტინგი ჩაატარა. მიტინგი 3-მილიარდიან სკანდალს შეეხებოდა, რაზეც ბევრმა საერთაშორისო მედიამ დაწერა.

პარტიის ლიდერმა, ალი ქერიმლიმ მიტინგების და თითქმის ათწლიანი ზეწოლის შესახებ, ნეტგაზეთის შეკითხვებს უპასუხა:

ბატონო ალი, თითქმის უკვე 11 წელია ხელისუფლება საზღვარგარეთის პასპორტს არ გაძლევთ. რას ფიქრობთ, ამით რის მიღწევას ცდილობენ?

ყველაფერი 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით დაიწყო. “აზადლიგის” ნახევარმა ბლოკმა, რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი, არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მხოლოდ 8 კანდიდატის გამარჯვება აღიარეს, მათ შორის, ჩემი. ჩვენ ამას ვაპროტესტებდით და საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროპის საბჭოს მოვუწოდე, აზერბაიჯანის მანდატი არ ეცნოთ. ჩემი დაბრუნების შემდეგ პასპორტის მოცემაზე უარი განმიცხადეს. ამის მიზეზი კი ხელისუფლების ნებაა, რომ საერთაშორისო ტრიბუნებზე აღარ გამოვჩნდე. ხელისუფლებას არ სურს, ვიარო საზღვარგარეთ და ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე ვისაუბრო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პასპორტს 12 წელია არ მაძლევენ. ხელისუფლება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე ორი წელია არ ასრულებს. ამასთან, ხელისუფლებამ მე, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერს, საერთაშორისო კავშირები შემიზღუდა.

თქვენზე პერიოდულად ხორციელდება ზეწოლა, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ, ე.წ. შავ პიარს მიმართავენ. როდიდან დაიწყო ზეწოლის ეს პროცესი?

ეს მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებას უჭირს. ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულია, არ აქვს არანაირი მხარდაჭერა ხალხში და პოლიტიკური კონკურენციისათვის მომზადების უნარი. ძირითადად ესენი არიან კორუმპირებული პირები, რომლებიც გარკვეულ დანაშაულებში არიან გარეული. როდესაც ხედავენ, რომ ისინი ოპოზიციამ მიიმწყვდია, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ან თუ ოპოზიციამ მათი რომელიმე დანაშაული გაშიფრა და ეს ხალხს გააგებინა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან დიალოგზე ან დებატებზე წამოვიდნენ, მაშინვე ბინძურ კამპანიებს იწყებენ. არგუმენტების უქონლობის გამო, პოლიტიკური კონკურენციისთვის მოუმზადებლობის გამო, საზოგადოების აზრთან წაგების შიშით, ხელისუფლება ყველანაირ დებატებს გაურბის და გამოსავალს მხოლოდ ე.წ. შავ პიარში ხედავს.

სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი ჩივის ქვეყანაში სუსტი ოპოზიციის გამო? რა აძლევს მათ ამის მიზეზს?

ეს ხალხი ფორმალურად მართალია. ალბათ, ვიზუალურად ოპოზიცია სუსტია. თუმცა, თუ ჩავუღრმავდებით, ამ ხალხმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, “ჩვენნაირ ქვეყანაში როგორ უნდა იყოს ოპოზიცია ძლიერი?” ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი პრესა, არც ერთი დამოუკიდებელი გაზეთი, არც ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია, რადიო და ვებგვერდიც კი. ყველა არსებული კი ხელისუფლების კონტროლქვეშაა, სხვები გააჩუმეს და დახურეს. სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. მათი უმეტესობა მთავრობამ ჩაიგდო ხელში, დანარჩენებს კი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. რამდენიმე პარლამენტის სხდომაზე ოპოზიცია საერთოდ არ ყოფილა. ოპოზიციას შეკრების უფლებაც კი არ აქვს. მრავალი წლის განმავლობაში პოლიტპატიმრების რიცხვი 100-ს არ ჩამოსცილებია. ამ მომენტისთვის ქვეყანაში 160 პოლიტპატიმარია. აზერბაიჯანში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არის, სასამართლო და პარლამენტი მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში როგორ უნდა იყოს ოპოზიცია ძლიერი? ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის შედეგად იქმნება ძლიერი ოპოზიცია. დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებს არ ჰყავთ ოპოზიცია – ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი. ქვეყნებს, რომლებიც დიქტატურასთან ახლოს არიან, სუსტი ოპოზიცია ჰყავთ. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში სუსტ ოპოზიციაზე აზრი გარკვეულწილად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის შედეგია. თუმცა, ვფიქრობ, აზერბაიჯანის მოსახლეობისა და ოპოზიციის თავგანწირვის შედეგი ის არის, რომ მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ნაკლებობისა, ოპოზიცია მაინც არსებობს. ოპოზიცია, რომელიც ყოველდღე დაპატიმრების შიშქვეშ მაინც გამოხატავს აზრს, რომლის რიგებშიც ბევრი პოლიტპატიმარია, მაგრამ ამის მიუხედავად, მოედანზე 10 000-ზე მეტ ადამიანს კრებს და ხელისუფლებასპირდაპირ ამხელს მის მიერ ჩადენილ უკანონობაში.

თქვენს პარტიას სინამდვილეში ყველაზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს თავის რიგებში? რატომ არის ხელისუფლება კონკრეტულად თქვენს პარტიაზე ასეთი გაბრაზებული?

სინამდვილეში, ჯობდა ამ კითხვაზე გარე დამკვირვებლებს გაეცათ პასუხი. შესაძლოა, ხელისუფლების ასეთი აგრესია ჩვენი პარტიის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ ბოლო წლებში სერიოზული აქციები სწორედ “აზერბაიჯანის სამოქალაქო ფრონტის პარტიამ” ჩაატარა. ყველაზე პრინციპული და მკაცრი პოზიცია ხელისუფლების მიმართ სწორედ ჩვენგან მოდის. ხელისუფლება ჩვენში საშიშროებას ხედავს. უკანასკნელი აქციის წინ ჩვენი პარტიის რვა წევრი დააკავეს, ვინაიდან მთავრობას იმ 3 მილიარდის ხალხისთვის დაბრუნებას ვთხოვდით. რომელიმე სხვა პარტიას რომ შეეკრიბა მრავალათასიანი მიტინგი იმავე საკითხზე, ზეწოლას მათზეც განახორციელებდნენ. დღევანდელ დღეს ამას “სახალხო ფრონტის პარტია” აკეთებს.

23 სექტემბერს თქვენ მიტინგი ჩაატარეთ. რა მოთხოვნები იყო? როგორ ჩაიარა მიტინგმა? რით განსხვავდებოდა წინა მიტინგებისგან? დააახლოებით რამდენი ადამიანი გამოვიდა?

მიტინგი სერიოზული ზეწოლის ქვეშ გატარდა. 63 ადამიანი დააკავეს და გააფრთხილეს, რომ უარი ეთქვათ მიტინგში მონაწილეობაზე. მათგან 9 ადამიანი (8 სახალხო ფრონტის წევრი და 1 – “გაერთიანებული მუსლიმური მოძრაობის” წევრი) 15 დღის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდათ. აქცია ჩატარდა მიტინგების კომიტეტის წევრების პატიმრობის პირობებში. ამის მიუხედავად, ხელისუფლება შეშფოთებული იყო, რადგან მიტინგი დახურულ სტადიონზე ჩავატარეთ. სტადიონის შესასვლელში სპეციალური კამერები იყო დამონტაჟებული, რომელიც აქციაზე მისული ხალხის იდენტიფიცირებას ახდენდა, რათა მომავალში მათზე ზეწოლა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მიტინგზე 10 000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მთავარი მოთხოვნა ოფშორებში გადარიცხული მილიარდების ხალხისთვის დაბრუნება იყო. ჩვენ ძარცვისგან, მონარქიისგან გათავისუფლება [ქვეყანას 24 წელია ერთი ოჯახი მართავს] და პოლიტპატიმრების განთავისუფლება მოვითხოვეთ.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო მედიაში 3-მილიარდიან სკანდალზე ბევრი დაიწერა, დასავლეთიდან აზერბაიჯანის ოპოზიციის მხარდაჭერასაც ელით?

სიმართლე გითხრათ, როგორც პოლიტიკური ძალა, არანაირ მხარდაჭერას არ ველით. თქვან სიმართლე და არ დაიცვან კორუმპირებული თანამდებობის პირები. ჩვენ ესეც გვეყოფა. ახლა სინათლე მოეფინა 3 მილიარდზე სიმართლეს, რომელმაც დაამტკიცა, რაზეც ჩვენ ამდენი წელია ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ევროპაშიც ბევრი კორუმპირებული თანამდებობის პირია და აზერბაიჯანის ხელისუფლება გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათი მომსახურებით სარგებლობს. ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლების უმეტესობა და ევროპელი პარლამენტარები უფასოდ არ უწოდებენ ფალსიფიცირებულ არჩევნებს დემოკრატიულს. ამისთვის ისინი გასამრჯელოს იღებენ. უბრალოდ, ახლა ამის მტკიცებულება არსებობს. დასავლეთმა უნდა შეაჩეროს თავისი კორუმპირებული პოლიტიკოსები და აზერბაიჯანულ რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს ძარცვავს, მხარი არ დაუჭიროს. ეს საკმარისი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მხელის შემდეგ მაინც შეწყვეტს დასავლეთი ალიევის დინასტიური რეჟიმის მხარდაჭერას. თუ ფუნდამენტური ღირებულებებზე ვსაუბრობთ, მაშინ დემოკრატიულმა ქვეყნებმა ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყონ. ციხეებში 100 პოლიტპატიმარზე მეტია, ასეთ პირობებში არავინ, მათ შორის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმაც, ასეთ რეჟიმს მხარი არ უნდა დაუჭირონ.

რას ფიქრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე?

საქართველო გადის გარდამავალ პერიოდს, დემოკრატიზაციის პერიოდს, დემოკრატიული ღირებულებების იმპლანტაციას. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდა დემოკრატიაა, გარდამავალი პერიოდის დემოკრატია და რაღაც დანაკლისები აქვს. ეს დანაკლისები ჩვენ აფგან მუხთარლის შემთხვევაში დავინახეთ. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ზოგიერთ ქართველ კოლეგასთან თანამშრომლობით, აფგან მუხთარლი ქვეყანაში შემოიყვანეს, აჩვენებს, რომ საქართველოშიც არსებობს გარკვეული პრობლემები. თუმცა დემოკრატიის საკითხებში, ეკონომიკურ რეფორმებში, ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ საქართველო აზერბაიჯანზე ბევრად წინ არის. ჩვენ საქართველოს მაგალითს ვაჩვენებთ აზერბაიჯანის მოსახლეობას, როგორც სტიმულს, თუ როგორ გადალახა ქართულმა საზოგადოებამ დაბრკოლება სწორი მიმართულებით, დემოკრატიის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ ეტაპზე ჩვენ რაღაც პრობლემებს ვხედავთ, მაგრამ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სვლა გვიხარია.

არის თუ არა საქართველო აქტუალური აზერბაიჯანული ოპოზიციისთვის? აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ შეიცვალა თუ არა ოპოზიციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ჟურნალისტები, აქტივისტები და სხვები საქართველოს ისევ უსაფრთხო ქვეყნად განიხილავენ?

ჩვენ აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ დიდი იმედგაცრუება განვიცადეთ. თუმცა, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარ განმეორდება. პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი სახელმწიფოებრიობაზე დარტყმად შეაფასა. თუ კორუმპირებული ხელისუფლება მოიტაცებს თავის ოპონენტს საქართველოში და აზერბაიჯანში ჩამოიყვანს, ეს მთელი ქართული საზოგადოების გამოწვევა იქნება. ვფიქრობ, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, ქართულმა საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც მომხდარიდან გაკვეთილი ისწავლა. ალბათ, სხვა აზერბაიჯანელი დისიდენტები, რომლებიც საქართველოში არიან, იმავე საფრთხეს არ ელოდებიან, რაც აფგან მუხთარლს მოუვიდა.

თქვენ რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც აფგანის საქმე ჯერ კიდევ არ გამოუძიებია?

ჩვენ არ ველოდით, რომ საქართველოს დემოკრატიული მთავრობა აზერბაიჯანის კორუმპირებულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებდა. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს ხელისუფლების რომელიღაც ფრთაა ჩარეული და არა მთლიანად ხელისუფლება. თუმცა ხელისუფლების მონაწილეობა აშკარაა და ეს სინანულს იწვევს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი