ახალი ამბები

სასწავლო პროცესის ჩაშლის არჩევნებთან კავშირს განათლების სამინისტროს აუდიტი შეისწავლის

6 ოქტომბერი, 2017 • 1727
სასწავლო პროცესის ჩაშლის არჩევნებთან კავშირს განათლების სამინისტროს აუდიტი შეისწავლის

სადახლოს სკოლებში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრის გამო სასწავლო პროცესის შესაძლო ჩაშლას განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამინისტროში განუცხადეს.

როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, აუდიტის სამსახური შეისწავლის, მართლა ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი და დადასტურების შემთხვევაში გაარკვევს, ვინ იყო არასრულწლოვნების სასწავლო დროს წინასაარჩევნო შეხვედრაზე წაყვანის ინიციატორი.

გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სადახლოს მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, ნათია მანია აცხადებს, რომ მან გაკვეთილის ჩატარება ვერ მოახერხა, რადგან მოსწავლეები სკოლის ნაცვლად სადახლოს კულტურის ცენტრში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრასა და მის შემდეგ პარტიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმყოფებოდნენ:

“დარბაზში იყვნენ როგორც ზრდასრულები, ისე არასრულწლოვნებიც. უმეტესად, უფროსკლასელები. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების დროშები ფრიალებდა, გასაგებია, რომ იყო ქართული ოცნების საარჩევნო შეხვედრა,” – ამბობს მასწავლებელი.

ამავე სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, ჯულიეტა ქვარაია კი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ მოსწავლეების შეხვედრაზე წაყვანა მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა დაავალა. ქვარაიას თქმით, დირექტორმა გამართა შეხვედრა, სადაც მასწავლებლებს უთხრა, რომ შეხვედრას სკოლის მოსწავლეები  (9-დან მე-12 კლასის ჩათვლით) და მასწავლებლები უნდა დასწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი