ახალი ამბები

ბოტკოველის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ “ციანიდის საქმის” მასალები ადვოკატებმა გაასაჯაროეს

6 ოქტომბერი, 2017 • 2575
ბოტკოველის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ “ციანიდის საქმის” მასალები ადვოკატებმა გაასაჯაროეს

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, “ციანიდის საქმეზე” საუბარი უნდა დასრულდეს. მისივე შეფასებით, ამ საქმემ საპატრიარქოს იმიჯი შეარყია. მიქაელ ბოტკოველი ვარაუდობს, რომ მასალები დახურული პროცესიდან ადვოკატებმა გაასაჯაროეს

“დავამთავროთ, ალბათ, უნდა “ციანიდის საქმეზე” საუბარი. ჩვენ მთელი წელი ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი იმისათვის, რომ ის იმიჯი, რაც ეკლესიას ჰქონდა, დღეს დადგა ამ იმიჯის შერყევის სხვადასხვა გარემოებები, როგორმე დავიბრუნოთ ეს იმიჯი და საზოგადოების მაღალი ნდობა”,- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა

მისივე თქმით, მოსაზრება, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან მოხდა საგამოძიებო მასალების გასაჯაროება, სიბეცეა:

“აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაციები, მითხრას ვინმემ. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები, შესაბამისად, არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. როგორ ფიქრობთ, საქართველოს საპატრიარქო რატომ მისცემდა ამ მასალებს “რუსთავი 2”-ს ან სხვა ტელეეიზიას ?!

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს მასალაები დეკანოზ გიორგი მამალძის ადვოკატებისგან გასაჯაროვდა. მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის დახურვა საპატრიარქოს ინტერესში არ შედიოდა.

ციანიდის საქმის” მასალების მედიაში გავრცელების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურებას, კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.

ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. სხვადასხვა აუდიოჩანაწერი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესიდან “რუსთავი 2-“ის და ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავიდა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი