ახალი ამბები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

6 ოქტომბერი, 2017 • 1572
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის, რომელიც წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურებას ეხება, არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვენ. როგორც დაკავებული დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, შესაბამისი საჩივარი ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გაუგზავნეს.

ადვოკატები ამ მუხლის მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს

“ჩვენ ვასაჩივრებთ 374-ე მუხლს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ზოგადად, ამ მუხლის გასაჩივრებაზე მოქმედება ცოტა ადრე დავიწყეთ, რადგან ამ მუხლის საფუძველზე ჩვენ, ადვოკატებს გვეზღუდებოდა უფლებები ჯერ კიდევ გმაოძიების ეტაპზე. ჩვენ ვერც ვასაჯაროებდით, ვერც კომენტარს ვაკეთებდით საქმეზე და ამ დროს პროკურატურა იმას ასაჯაროებდა, რაც უნდოდა. ასევე, ამ მუხლის საფუძველზე რიგი მტკიცებულებების მოპოვება გვიძნელდებოდა გამოძიების ეტაპზე. აქედან გაომდინარე, ამ საჩივარს ვამზადებდით. ამას დაემთხვა ისიც, რომ ამ მუხლით დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ გამოძიება, რამაც უფრო დააჩქარა ეს პროცესი” – ამბობს ფანცულაია.

მუხლი 374. წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ,- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ადვოკატის თმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრის არსებით განხილვამდე მუხლის მოქმედებას შეაჩერებს, ადვოკატების უფლებები გაიზრდება:

“ალბათ, უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება ეს საჩივარი და მოთხოვნაა პირველ რიგში, რომ ეს 374-ე მუხლი შეჩერდეს, სანამ სასამართლო მის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. იმიტომ შეჩერდეს, რომ ამ მუხლით უკვე ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება და აუცილებელია მისი მოქმედების შეჩერება. საბოლოოდ, როცა უკვე ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად გაიმართება მსჯელობა, ვითხოვთ, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ეს მუხლი” – ამბობს ადვოკატი.


საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიაში გახმაურების გამო დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით.

აღნიშნული მუხლი ეხება წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურებას, კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ და ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დეკანოზის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილები დაადებინა პროკურატურამ. ამასთან, პროკურატურის მოთხოვნით დახურული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ პროცესის განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო დეკანოზი გიორგი მამალაძე და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა დახურულ პოროცესზე სხვადასხვა მოწმის ჩვენებების აუდიოჩანაწერები, მათ შორის გამოქვეყნდა შორენა თეთრუაშვილის, იოსებ ოხანაშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის, თავად გიორგი მამალაძის ჩვენებები.

წაიკითხეთ –  11 რამ, რაც “ციანიდის საქმეზე” გასაიდუმლოებული მასალების გავრცელებით გავიგეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი