ახალი ამბები

TI: სამი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს მაკონტროლებლის ფუნქცია აკლდა

6 ოქტომბერი, 2017 • 2465
TI: სამი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს მაკონტროლებლის ფუნქცია აკლდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით, თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს აკლდა გამჭვირვალობა და მაკონტროლებლის ფუქნცია, მისი გადაწყვეტილებები კი კითხვის ნიშნებს აჩენდა.

ორგანიზაციამ შეაფასა საკრებულოს საქმიანობა 2014-2017 წლებში და კვლევის პრეზენტაცია დღეს, 6 ოქტომბერს გამართა.

“მოდის ადგილობრივი არჩევნები და ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის, სცოდნოდა, როგორ მუშაობდა საკრებულო, რა იყო პოზიტიური მხარეები და, ცხადია, ის ხარვეზები, რაც დაფიქსირდა სამი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ეკა გიგაურის თქმით, პრობლემური აღმოჩნდა ქონების ერთ ლარად გადაცემის საკითხი, ასევე, საკრებულოს წევრების კავშირი სამეწარმეო საქმიანობასთან და საკრებულოს ნაკლები გამჭვირვალობა.

გამჭვირვალობა

“ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტული ტიპის სტატისტიკა არ იქმნებოდა საკრებულოში, ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, ინფორმაცია [დეპუტატების] გაცდენებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ლიკა საჯაიამ, კვლევის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ინფორმაცია საკრებულოს კონკრეტული დეპუტატების საქმიანობის, მათი მიერ წარდგენილი წინადადებების, გამოთქმული სიტყვების, გაცდენებისა და აქტიურობის შესახებ ვერ მიიღეს.

“ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ერთი მხრივ, არ არის ვებგვერდზე განთავსებული და, მეორე მხრივ, გამოთხოვის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიღებთ ამ ინფორმაციას,” – ამბობს საჯაია.

თამუნა ტატანაშვილი, კვლევის ავტორი ამბობს, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულოსთვის მთავარი რეკომენდაცია ისაა, რომ საკრებულომ დაიწყოს მუშაობა ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების გაზიარებისთვის.

ტატანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ქონების გაცემა ერთ ლარად

კვლევის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულომ 58 შემთხვევაში გასცა თანხმობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონების გადაცემის თაობაზე.

ამას გარდა, საკრებულომ 183 414 მ2 მიწის ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა საპატრიარქოს.

“არ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ ერთ ლარად იქნეს გადაცემული ქონება, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი, რომ ამ კომპანიებმა შეასრულონ საინვესტიციო მოთხოვნები”, – ამბობს ეკა გიგაური.

გიგაურის თქმით, უნდა შემუშავდეს ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ შემოწმდეს, შესრულდა თუ არა ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების პირობები.

კვლევაში ასევე მოხვდა ე.წ. ნაზღაიძის საქმე, როდესაც მოსამართლის ძმას, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავდა, ერთ მილიონ ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთი გადასცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიცია გამოძიებასა და მერთან შეხვედრას ითხოვდა.

კვლევის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში საკრებულომ თბილისის მერიას 58 თანხმობა მისცა ერთ ლარად მიწების გაცემასთან დაკავშირებით, აქედან 28 შემთხვევაში საპატრიარქოსთვისაა ქონება გადაცემული.

ლიკა საჯაიას თქმით, ერთ ლარად მიწების გადაცემისას გადაწყვეტილებები არასათანადოდაა დასაბუთებული და აკლია სპეციალისტებისა და დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირი

კვლევის მიხედვით, საკრებულოს 24 წევრიდან 10 ფლობს წილებს კომპანიებში, აქედან 5 თანამდებობის პირს კი არ აქვს დეკლარირებული წილები.

ესენი არიან:გიორგი ტყემალაძე,  გიორგი ახვლედიანი, გიორგი მუსხელიშვილი, გულიკო ზუმბაძე, ლია ჯახველაძე.

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელ თანამდებობაზე არიან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრი, ჰერალდიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და საკრებულოს წევრი – ლევან დარახველიძე.

“თუკი ვინმე წილს ფლობს ბიზნესში, ეს არ არის დარღვევა, დარღვევა ისაა, რომ ამ წილთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეაქვთ ქონებრივ დეკლარაციაში, ან როდესაც ეს ადამიანები არიან აღმასრულებელ თანამდებობაზე რომელიმე კომპანიაში. ეს არის აკრძალული ჩვენი კანონმდებლობით”, – განმარტა ეკა გიგაურმა.

თამარ ტატანაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება გაიზარდოს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დეკლარაციების სწორად შევსებას.

კვლევში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოში ჩატარდა საკრებულოს 200 სხდომა. კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა საკრებულოს არც ერთი სხდომა, მიღებულია 419 დადგენილება და 1 570 განკარგულება.

საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოები და მათი თანამდებობის პირები უმეტეს შემთხვევებში საკრებულოს მოთხოვნით ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, თუმცა იყო შეთხვევები, როდესაც მათ ოპოზიცია იბარებდა, არ ესწრებოდნენ სხდომებს.

ორგანიზაციის შეფასებით, საკრებულომ დაამტკიცა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: გენდერული, გარემოსდაცვითი და მარკეტინგის სტრატეგიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი