ახალი ამბებიეკონომიკა

რომი, ბარსელონა, პარიზი, პრაღა -ახალი ავიარეისები ქუთაისიდან

6 ოქტომბერი, 2017 • 5712
რომი, ბარსელონა, პარიზი, პრაღა -ახალი ავიარეისები ქუთაისიდან

 

ავიაკომპანია Wizzair 2018 წლის მისიდან ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს. რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღაში ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიის კომერციული დირექტორი ჯორჯ მიხალოპულოსი დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

“გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც კომპანია Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მიერ როგორც გაყვანილი, ისე შემოყვანილი ტურისტების რაოდენობა. დღეს გვქონდა კომპანიის დირექტორთან საუბარი. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია ასევე აპირებს დაამატოს ოთხი მიმართულება, მომავალი წლის მაისიდან დაემატება პარიზი, რომი, ბარსელონა და პრაღა,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქუთაისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება.

“ქუთაისის აეროპორტს ექნება ახალი ტერმინალი. ამ ტერმინალის მშენებლობა უკვე იწყება. ქუთაისის აეროპორტს დაემატება რკინიგზა, რაც ასევე ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას ქუთაისის მიმართულებით”,-აცხადებს გიორგი გახარია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, Wizzair ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ჯამში, 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი