ახალი ამბები

კბილაშვილი: მერაბიშვილს გირგვლიანის ეპიზოდზე ბრალი მალე წარედგინება

4 ივნისი, 2013 • 1174
კბილაშვილი: მერაბიშვილს გირგვლიანის ეპიზოდზე ბრალი მალე წარედგინება

“მალე იქნება ეს ბრალდება წარდგენილი, ჩვენ ამ ბრალდებასთან დკავშირებით ცალკეულ დეტალებს ვხვეწთ და ალბათ ეს უახლოესი ერთი-ორი კვირის, სავარაუდოდ, თემა შეიძლება იყოს მისთვის ამ ეპიზოდთან დაკავშირებული ბრალდების წარდგენა”, – განაცხადა კბილაშვილმა დღეს, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისივე თქმით, იქნება თუ არა კიდევ სხვა ეპიზოდი ან ეპიზოდები მერაბიშვილთან მიმართებაში, ამ ეტაპზე ამის პროგნოზირებას არ შეუდგება:

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

“რამეთუ მიმდინარეობს ჩვენს საგამოძიებო ორგანოებში სხვადასხვა თემების გამოძიება, სადაც შემხებლობა ამ ადამიანის, როგორც ასეთი, მინიმუმ იკვეთება, ხოლო გვექნება თუ არა გამოძიების დასრულების შედეგად ისეთი ვითარება, სადაც მისი პასუხისმგებლობა დამატებით გამოიკვეთება, ამაზე ვნახოთ, თავს შევიკავებ, გამორიცხული არაფერი არ არის”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წაუყენეს. სისხლის სამართლის საქმე კი ორ ეპიზოდს მოიცავდა:

 

კერძოდ, ერთი ეპიზოდი ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას – პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი.

 

მეორე ეპიზოდი ეხება მერაბიშვილის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში საუბარია კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის – მითვისებაზე მაშინდელი შს მინისტრის  ვანო მერაბიშვილის მიერ.

 

ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს პატიმრობა შეუფარდა 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

28 მაისს კი მერაბიშვილს პროკურატურამ დამატებით წარუდგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). აღნიშნული ბრალდება ეხება 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დაშლის ეპიზოდს, როდესაც მერაბიშვილი იყო შს მინისტრი.

 

ამჯერად პროკურატურამერაბიშვილის შს მინისტრობის დროინდელ კიდევ ერთ ეპიზოდზე აპირებს ბრალის წარდგენას, რომელიც ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას.

 

შეგახსენებთ, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წელს იქნა წამებით მოკლული. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ: მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე. ამ დროისთვის პროკურატურაში აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი