ახალი ამბები

რა პრობლემებზე ესაუბრნენ კალაძეს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები

5 ოქტომბერი, 2017 • 2448
რა პრობლემებზე ესაუბრნენ კალაძეს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები

დღეს, 5 ოქტომბერს, საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ქართული ოცნების მერობის კანდიდატ კახა კალაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს იმ პრობლემებზე ესაუბრნენ, რომლებიც მათ აწუხებთ.

შეხვედრის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაციის, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორის ეკა ჭითანავას განმარტებით, შეხვედრაზე იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე შეიძლება.

ჭითანავას განმარტებით, დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციების მუნიციპალური დაფინანსების საკითხზე, საკულტო ნაგებობების მშენებლობისას ხელოვნური ბარიერების შექმნაზე, ასევე სადავო და დაზიანებული საკულტო ნაგებობების მოვლაზე,

ჭითანავას აზრით, უნდა შეიცვალოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების წესი და ამ აზრს იზიარებენ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებიც.

ჭითანავა ამბობს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს ადგილობრივ დონეზე ხელს უშლიან ახალი საკულტო ნაგებობების აშენებაში და ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. მაგალითად, მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სავალდებულო სახით ითხოვს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაცემულ რეკომენდაციას, მაშინ, როდესაც კანონმდებლობით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო მუნიციპალიტეტია და არა სააგენტო.

ჭითანავამ განმარტებით, შეხვედრაზე ქართულ ოცნებას შეახსენეს, რომ თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში შეყვანილი ჰყავთ ბექა სივსივაძე, რომელიც “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი იყო და ქსენოფობიური რიტორიკით გამოირჩევა.

“კიდევ ერთი საკითხი იყო სიძულვილის ენა და ქსენოფობიური გამოხატვა, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხშირი ყოფილა”, – განაცხადა ეკა ჭითანავამ.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის თქმით, შეხვედრაზე იმის შესახებ ისაუბრა, რომ მუსლიმებს არ აძლევენ მეჩეთების აშენების უფლებას, მან ბათუმის მაგალითი დაასახელა.

ნაკაიძე ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა რელიგიური გაერთიანებების უფლებები სამომავლოდ შეზღუდოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მინიმუმ, შევძლებთ ჩვენი პრობლემების სწორად მიწოდებას, ინფორმირებას”, – განაცხადა ნაკაიზემ და დაამატა, რომ დრო აჩვენებს, ხელისუფლება ამ საკითხებს მოაგვარებს თუ არა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირტაგ ასადოვი ამბობს, რომ მუსლიმები ვერ აშენებენ მეჩეთებს, რადგან ამის საშუალებას მათ ადგილობრივი თვითმმართველობა არ აძლევს.

როგორც ასადოვი ამბობს, ისინი საცხოვრებელი სახლის ან კულტურის სახლის სტატუსით აშენებენ მეჩეთს, ამის გამო მათ არ აძლევენ ნებართვას, რომ ნაგებობას, ტრადიციის მიხედვით, გუმბათი დაადგან.

ასადოვი ამბობს, რომ მეორე პრობლემური საკითხია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მცდელობა, თავი წარმოაჩინოს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წარმომადგენლად.

ასადოვის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში რამდენიმე მუსლიმური გაერთიანება ფუნქციონირებს, სახელმწიფომ 150 მეჩეთი მხოლოდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადასცა. რამაც მუსლიმ თემში წინააღმდეგობა გამოწვია.

გადაცემულ მეჩეთებს შორისაა მარნეულის მეჩეთი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნიდან დგას მარნეულში. ამ საკითხზე სასამართლოში მიმდინარეობს დავა სამმართველოსა და მეჩეთის ადგილობრივ მეურვეებს შორის.

შეიხმა ასადოვმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ფაქტობრივად არ იხარჯება მუსლიმი თემის საჭიროებებისთვის, იმის მიუხედავად, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 85% მუსლიმია, ხოლო პოლიტიკოსები სასულიერო პირებს ინსტრუმენტად იყენებს საარჩევნო პროცესში.

საიდ მირტაგ ასადოვი მოელის, რომ თანასწორობა რელიგიურ გაერთიანებებს შორის დაცული იქნება.

“ასეთი შეხვედრების გამართვას აქვს დიდი მნიშვნელობა. ძირითადად პოლიტიკოსებს არ აქვთ ინფორმაცია, არასწორი ინფორმაცია მიდის მათთან და, შესაბამისად, აცდენილი არიან რეალობასთან”, – განაცხადა საიდ მირტაგ ასადოვმა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრა რელიგიური გაერთიანებებისა და ხელისუფლების არასეკულარულ – სოციალური კუთხით თანამშრომლობასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის სადავო ნაგებობებზე, რომლებიც განადგურდა ან განადგურების ზღვარზეა.

“დღეს შევხვდით იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია. გვაინტერესებს მათი ხედვები. [ისინი] კეთილგანწყობილი [არიან] მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კულტურის შენების მიმართ. მე რაც დამაკლდა, იყო პასუხები იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით იყო დაშვებული ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგი გაეცნო რელიგიური გაერთიანებების მოსაზრებებს,  თავად კი მათ გააცნო ის გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს.

“ჩვენ მზად ვართ მომავალში თანამშრომლობისთვის, ჩვენ ვართ ტოლერანტული ერი, ჩვენი სიძლიერე იყო ის, რომ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა მრწამსის ადამიანები ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ, აშენებდნენ, უვლიდნენ ამ ქალაქს, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეკა ჭითანავას თქმით, წინასაარჩევნოდ ეს არის მეხუთე შეხვედრა პოლიტიკურ სუბიექტებთან. ისინი შეხვდნენ რესპუბლიკელების, ნაციონალური მოძრაობის, ევროპელი დემოკრატების წარმომადგენლებს. ასევე, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს.

ჭითანავას თქმით, შეხვედრების შემდეგ გაკეთდება ინფოგრაფიკა, თუ რა მოსაზრებები აქვთ პარტიებს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების დასმულ საკითხებზე. ჭითანავას თქმით, ისინი გააგრძელებენ რეგიონულ შეხვედრებს ამ საკითხებზე ერთი წლის განმავლობაში და მოამზადებენ სახელმძღვანელო პრინციპებს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რათა თავიდან აიცილონ მიკერძოებულობა და დისკრიმინაციული მოპყრობა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი