23176

პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის საკითხი მერიამ დაამტკიცა

თბილისის მერიამ პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადასაცემად დაამტკიცა.

ახლა მერიის გადაწყვეტილებას მხარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა უყაროს კენჭი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ 4 ოქტომბერს დაამტკიცა.

მერიის ცნობით, კომპანია, რომელსაც უნდა გადაეცეს ეს მიწის ნაკვეთი, “თბილისი სითი” არის.

ამ მიწის ნაკვეთს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 სექტემბერს შეუცვალა ზონალურ სტატუსი, რათა იქ მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდეს.

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერთან გადაცემული მიწის ნაკვეთი

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერთან გადაცემული მიწის ნაკვეთი

როგორც საკრებულოში მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა განაცხადა, აღნიშნული ავტოსადგომი დაახლოებით 30-40 ავტომობილზე იქნება გათვლილი.

მერიის ცნობით, ეს მიწის ნაკვეთი კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა იმ პირობით, რომ ის მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, თუმცა პოლიციის ძალის გამოყენებით საკრებულომ ოპოზიციას დარბაზი დაატოვებინა და სხდომა მაინც ჩაატარა.

2 ოქტომბერს კი მერიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა, რასაც მერიის დაცვის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.

პუშკინის სკვერის მიმდებარედ შენდება “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი სასტუმრო. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ის მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში “პანორამა ბილისის” წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com