ახალი ამბები

კომიტეტმა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია

4 ოქტომბერი, 2017 • 2977
კომიტეტმა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია

ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მოსამართლეების შესარჩევმა კომიტეტმა საპარლამენტო ასამბლეის წინაშე რეკომენდაცია ლადი ჭანტურიას გაუწია.

საქართველოდან ამ პოსტზე სამი კანდიდატი იყო წარდგენილი: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

“დღეს უკვე შევიტყვეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში  დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს. მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობებენ,  გაიმართება  მომავალ კვირებში,  სადაც უკვე  საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს,” – აღნიშნულია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში თეა წულუკიანი ამბობს, რომ კრიტიკის მიუხედავად, ფაქტია, რომ კომიტეტმა საქართველოდან გაგზავნილმა სამპირიანი სია მოიწონა:

“მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და  სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი  არაერთი კრიტიკული  მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ  ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები. ფაქტია ის, რომ  სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსო კომისიის, რომელშიც მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენირაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა. და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი  სამპირიანი სია,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობას მესამედ ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. მესამედ გამოცდახებული კონკურსის შედეგად ისინი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებით ჩაანაცვლეს.

მესამედ გამოცხადებული კონკურსის დროს შესარჩევ კომისიაში პროტესტის ნიშნად არ მიიღო მონაწილეობა “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარომადგენელმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი