ახალი ამბები

რას მოიცავს პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმა?

4 ოქტომბერი, 2017 • 2205
რას მოიცავს პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმა?

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. პარლამენტის დეპუტატებმა, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით(OGP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს.
კომიტეტის წევრები 2017-2018 წლების გეგმის 25 ვალდებულებიდან 3 მათგანს შეეხნენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეების მეტ ჩართულობას ეხება. კერძოდ:

  • მოქალაქეთა კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა;
  • პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა;
  • მოქალაქეთა მიერ საკანონდებლო ინიციატივის განხორციელების დროს ხელმოწერის ელექტრონული ფორმით შეგროვება.

მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის თქმით, OGP-ის სტანდარტების დანერგვა პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს, რაც საერთაშორისო გამოცდილებამაც აჩვენა. მისი განცხადებით, ამ კუთხით, საკანონმდებლო ორგანოს ელექტრონული ბაზის ტექნოლოგიური გაუმჯობესებაც იგეგმება:

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ შევქმნათ პეტიციის ელექტრონული ხელმოწერის მექანიზმი. ასეთივე მექანიზმი უნდა შეიქმნას საკანონმდებლო წინადადებისა და ინიციატივის ხელმოწერის შემთხვევაში. ასევე, წინა სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა კანონპროექტის ბმულზე კომენტარის დატოვების ფუნქცია, თუმცა ახლა გვინდა, რომ შევქმნათ უკუკავშირის მექანიზმი, რომ ამ კომენტარს პარლამენტის მხრიდანაც გაეცეს პასუხი და არ დარჩეს მხოლოდ კომენტარად. მესამე ვალდებულებაა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების ეფექტური მუშაობა და სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმაზე, რომ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს კანონშემოქმედების პროცესში“.

აღნიშნული სამოქმედო გეგმა რიგით მეორეა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო მუშაობს. OGP-ის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებს მასში შემავალი სამი სამუშაო ჯგუფი განიხილავს. ისინი სხვადასხვა სახის აქტივობებს საკანონმდებლო ცვლილებების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ეთიკის კოდექსის მიმართულებით ახორციელებენ. საქმიანობაში პარლამენტარებთან ერთად საკონსულტაციო ჯგუფიც მონაწილეობს, რომელშიც 15 არასამთავრობო და დონორი ორგანიზაცია შედის.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის თქმით, ღია პარლამენტის სტანდარტებმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოსა და რიგი თიმოქალაქეების უკუკავშირი მეტად გააუმჯობესა; ქართული მოდელის ეფექტურობა კი საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

„ცვლილებათა პროექტი შედგა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. განსაკუთრებით, ეს ეხება ელექტრონული პეტიციების საკითხს. ეს უკვე ბევრ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკაა და ფაქტია, რომ აუცილებელია მსგავსი მექანიზმის დანერგვა. ის, თუ როგორ იაქტიურებენ მოქალაქეები, ეს თავად მათზეა დამოკიდებული.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის საბჭო წარუდგენს ინიციატივას პარლამენტს განსახილველად და გაიმართება მოსმენები რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით“, – უთხრა კლდიაშვილმა „ნეტგაზეთს“.

საბჭოს წევრების თქმით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ნაწილი პარლამენტმა 2017 წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომლის განხორციელებაც აღნიშნულ ვადებში ვერ მოესწრება, მომდევნო წლიდან ერთიან ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან გაერთიანდება.

„ღია მმართველობის ინიციატივა(OGP)” 2011 წელს აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა. საქართველო მას იმავე წელს შეუერთდა, ამა წლის სექტემბერში კი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო 2015 წლიდან მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი