11 რამ, რაც “ციანიდის საქმეზე” გასაიდუმლოებული მასალების გავრცელებით გავიგეთ

“ციანიდის საქმის” შესახებ გავრცელებული მასალები რომ არა, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, ვერ გავიგებდით, რომ იმ მოვალეობების შესრულება, რომლებიც  პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს ევალებოდა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაავალა პატრიარქმა, რამაც მეუფე იაკობი გაანაწყენა; ვერ გავიგებდით იმასაც, რომ ანზორ ჩუბინიძემ როგორ და რა ვითარებაში აცნობა გერმანიაში პატრიარქის დაცვის უფროსს, სოსო ოხანაშვილს დეკანოზის ბარგიდან ციანიდის ამოღების შესახებ – სწორედ ამ ჩვენებებს აძლევენ მოწმეები სასამართლოს ციანიდის სახელით ცნობილ საქმეზე. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ ამბების ქრონოლოგიას, რომელიც “ციანიდის საქმეზე” არაოფიციალურად გავრცელებული მასალებით გავიგეთ:

რა გავიგეთ სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან?

ჩვენების ფრაგმენტი  8 სექტემბერს გაავრცელა “ტვ პირველმა”, ხოლო 26 სექტემბერს ამ ჩვენების სხვა ფრამგემენტები გავრცელდა ასევე ტვ პირველის ეთერში, ოღონდ – გადაცემა “რეაქციაში”. ოხანაშვილის ჩვენებიდან ვიგებთ:

  • ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოში მკითხავი მოჰყავდა  ჯადოს აღმოჩენის მიზნით და, როგორც ოხანაშვილი ამბობს, ნემსებიანი თოჯინა იპოვეს. აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილმა მკითხავს მონაზვნად აღკვეცაზე გაუწია რეკომენდაცია.
  • შორენა თეთრუაშვილს სურდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტის ბერლინიდან წამოღება. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პატრიარქის ექიმს, ცისანა შარტავას, რომელიც ამბობს, რომ ასეთი სურვილი გერმანიაში მართლაც ჰქონდა ერთ-ერთ ადამიანს, თუმცა ვერ იხსენებს, კონკრეტულად ვინ იყო.
  • შორენა თეთრუაშვილმა სოსო ოხანაშვილს სთხოვა გველის შხამი, რომელიც წამლის დასამზადებლად სჭირდებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ მასაც შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდის შოვნა ნაცნობი ოქრომჭედლისთვის.
  • შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე ტერორიზმში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეებს ილია მეორის სახლში თვითნებურად აცხოვრებდნენ. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ბრალდებების საპასუხოდ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ საუბარია ლაზებზე, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი პრობლემები აქვთ თურქეთის ხელისუფლებასთან და არა ტერორისტებზე. თუმცა თურქეთის ელჩმა საქართველოში დაადასტურა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, მართლაც იძებნებოდა თურქული მხარის მიერ ტერორიზმის ბრალდებით.
  • თეთრუაშვილმა და ანდრიაძემ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რეკომენდაციაც გაუწიეს.
  • სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ბერლინში ყოფნისას დილით გააგებინა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს და ციანიდი უპოვეს მაშინ, როცა ოფიციალურად, ციანიდის ამოღების დრო დაახლოებით 16:00 საათია. ნეტგაზეთი ესაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს, რომელიც ადასტურებს, რომ 10 თებერვალს მართლაც ესაუბრა სოსო ოხანაშვილს, თუმცა, ჩუბინიძის თქმით, ოხანაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს. მეტიც, ჩუბინიძის მტკიცებით, იმ მომენტში, როდესაც ის ოხანაშვილს ესაუბრებოდა, დადასტურებული ინფორმაცია დეკანოზის დაკავების შესახებ ბერლინის კლინიკაში  არ ჰქონია

 

რა გავიგეთ “კურიერის” მიერ მოპოვებული ვიდეომასალებით?

4 სექტეემბერს “კურიერმა” გამოძიებაში არსებული მასალების ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც პროკურატურას არ გაუვრცელებია. ვიდეოში ნაჩვენებია პროკურატურის მოწმის, ირაკლი მამალაძის და დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბრის ამსახველი ვიდეოკადრები. რას ვიგებთ ამ მასალიდან:

  • დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს ეუბნება, რომ გერმანიიდან მას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დაურეკა და ჩასვლა სთხოვა. დიმიტრი შიოლაშვილი ილია მეორის ძმისშვილია. ამას გარდა, სოსო ოხანაშვილი არის მისი სიძე. მოგვიანებით მიტროპოლიტმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ კომუნიკაცია მასსა და დეკანოზს შორის ნამდვილად შედგა, თუმცა, პირიქით, დეკანოზმა მისწერა მას და ჩასვლაზე კურთხევა სთხოვა.
  • შორენა თეთრუაშვილის “მარილზე გაშვების” ეპიზოდის გაგრძელება, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს უყვება ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმადაც, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ შორენა თეთრუაშვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება და საპატრიარქოში აღარ შეუშვებენ.
  • სატელეფონო საუბრის შინაარსი დეკანოზ გიორგი მამალაძესა და საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელ ტარას (ტატო) შავშიშვილს შორის. დაკავებამდე დეკანოზი  შავშიშვილს ეუბნება, რომ უნდა მიმართონ არჩილ გამზარდიას “ფეისბუქის” სტატუსის გამო, სადაც გამზარდია წერდა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმება. ტარას შავშიშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზი საგამოძიებო უწყებებისთვის, პროკურატურისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიმართვას გულისხმობდა.

რა გავიგეთ შორენა თეთრუაშვილის ჩვენებიდან?

შორენა თეთრუაშვილის ჩვენება 28 სექტემბერს გავიდა გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”. რას უყვება თეთრუაშვილი სასამართლოს:

  • შორენა თეთრუაშვილმა განაცხადა, რომ სოსო ოხანაშვილსა და ქორეპისკოპოს იაკობს უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ნაწყენი ქორეპისკოპოსი საპატრიარქოში აღარ მიდიოდა.
  • იმ მოვალეობების შესრულება, რომლებიც ქორეპისკოპოს იაკობს ეკისრებოდა (ძირითადად მთავრობასთან კომუნიკაცია და ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერა), გიორგი მამალაძის მოვალეობებში გადავიდა და მამა გიორგის მიეცა იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა.
  • თეთრუაშვილი ამბობს, რომ არ იცის რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მისი მკვლელობის მოსამზადებლად დეკანოზ მამალაძეს.


 

ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვა, სადაც იგი ამბობს, რომ ეპისკოპოსებსა და რიგით სასულიერო პირებზე ახორციელებენ ზეწოლას, ასევე, მისი ადვოკატების ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე:

„თქვენ დღეს ბრძანდებით მსაჯული, რომელმაც, პილატეს მსგავსად, უნდა განსაზღვროთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. პილატემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამო, აგერ, უკვე ორი ათასი წელია, მისი სახელი უსამართლობასთან ასოცირდება. იმ დროს პილატეს წინაშე იდგა უცოდველი ადამიანი, დღეს კი თქვენ წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი, არა მკვლელობის მომმზადებელი”,- დეკანოზი მოსამართლეს მიმართავს. 


 

ციანიდის საქმის” მასალების მედიაში გავრცელების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურებას, კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.

ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. სხვადასხვა აუდიოჩანაწერი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესიდან “რუსთავი 2-“ის და ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავიდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com