ახალი ამბები

რას სთავაზობს m² “ცენტრ პოინტისგან დაზარალებულებს

4 ოქტომბერი, 2017 • 2150
რას სთავაზობს m² “ცენტრ პოინტისგან დაზარალებულებს

“ცენტრ პოინტის” დაზარალებულები დღეს, პროკურატურისა და “ცენტრ პოინტის” წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია “m²”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან “m²” თავს იკავებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ “ცენტრ პოინტის” შესყიდვით დაინტერესებული არ არიან, თუმცა დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ჩართვა შეუძლიათ:

“კომპანია m²-ს არ შეუძენია “ცენტრ პოინტი’ და არცაა დაინტერესებული კომპანია “ცენტრ პოინტის” შეძენით. თუმცა m²-ს  შეუძლია, რომ ჩაერთოს პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. კომპანია m²-მა უკვე გააცნო საკუთარი ხედვა დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე, პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება კომპანია ჩაერთოს საბოლოოდ ამ პროცესში. თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის” – ამბობენ სამშენებლო კომპანიაში.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, m²-თან  შეხვედრის შემდეგ გახმიანდა შეთავაზება, რომ შეიძლება ერთი თვის ვადაში დაზარალებულებთან განახლებული ხელშეკრულებები დაიდოს. მშენებლობები 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა ზოგიერთი დაზარალებული, რომელსაც “ცენტრ პოინტთან” გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ბინის თეთრი კარკასი უნდა მიეღო, შავ კარკასს მიიღებს.

როგორც გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ამ პირობებს დათანხმდებიან და შეთანხმება შედგება, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ:

“ჩემი შეთავაზებით, ამდენხნიანი პაუზის შემდეგ და ჩიხური მდგომარეობის შემდეგ ეს ერთადერთი გმაოსავალია ამ სიტუაციიდან გამოსვლის და პირობები არის მისაღები ყველასთვის. ამ მომენტში უკეთესს ვერც ერთი მხარე ვერავის ვერ შევთავაზებთ. თუ დაზარალებულები გამოთქვამენ მზადყოფნას და ეს გარიგება შევა ძალაში, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიდება საპროცესო შეთანხმება”

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ცენტრ პოინტის” აქტივებს კომპანია m² ყიდულობდა. “ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 


პროკურატურამ “ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ საქმის წარმოება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო კომპანიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე. 2013 წელს კი თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში 31 მარტს დააპატიმრეს. კერვალიშვილისა და მისი დის, მაია რჩეულიშვილის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატის, მარიამ ცუცუქრიძის განცხადებით, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სამი მუხლით მიმდინარეობდა, სისხლის სამართლის 194 – ე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლში სამართლომ კერვალიშვილი და რჩეულიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ეს მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დანარჩენ ორ მუხლში 180-ე (თაღლითობა) და 182-ე (მითვისება და გაფლანგვა) სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის თქმით, სასამართლომ გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, ასევე, ამნისტია, წინააღმდეგ შემთხვევაში  9 წლით პატიმრობა შეეფარდებოდათ.

დაკავებული იყო “ცენტრ პოინტ აჭარის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეუფარდა. 2017 წლის  6 აპრილს გუკა რჩეულიშვილი მოსამართლემ პატიმრობიდან 30 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი