რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსი სომხეთში

2017 წლის წლის ივლისში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდიმა სომხეთს იურიდიულად მოსთხოვა რუსული ენის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, რათა რუსეთში სომხური მართვის მოწმობები აღიარონ. საკითხი სომხეთში ბჭობის საგანი გახდა. ოფიციალური ერევნის პასუხი კი ასეთი იყო: სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენა სომხურია. ამ ამბიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგაც სომხეთში რუსული ენის საკითხის სტატუსი კვლავ აქტუალურია.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მთავრობის დავალებით, სომხეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რუსული ენის სწავლების კონცეფცია მოამზადა. კონცეფციის მიზანია, რუსული ენის პროპაგანდასთან ერთად, რუსული ენის შესწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

“რუსული ენის ფლობა მოქალაქის უმაღლესი განათლების მიღებისა და პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაში კონკურენტული უპირატესობაა. წარმოება, მეცნიერება, განათლება, კულტურის აღორძინება და განვითარება, ასევე, მსოფლიო გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინააღმდეგ სომხეთის ჩართულობა,  ჩვენს ქვეყანაში სომეხი ახალგაზრდებისთვის რუსული ენის სრულყოფილად შესწავლის აუცილებლობას ქმნის”, – ნათქვამია პროექტში.

“ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის” ექსპერტის, ვაგე გუკასიანის აზრით, სომხეთში რუსული ენის გაკვეთილების გაფართოების ინიციატივა ეკონომიკური პერსპექტივით საბაბით გამართლებული ვერ იქნება.

“ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია, უცხო ენების ცოდნა პრინციპულად მნიშვნელოვანია. თანამედროვე სპეციალობებში ხარისხიანი განათლების მიღება მცირე ეროვნულ ენებზე და მათი მსოფლიოში რეალიზაცია საერთაშორისო ენების არცოდნის გარეშე შეუძლებელია. აქ ყველაფერი გასაგებია: დღეს მსოფლიოში საერთაშორისო ენა ინგლისურია. სომხეთმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი პრიორიტეტად გამოაცხადა და ამ სფეროში მომუშავე ადგილობრივი კომპანიების დიდი ნაწილი დასავლელ პარტნიორებთან ინგლისურის გამოყენებით თანამშრომლობს. სხვა სფეროებშიც იგივე ხდება”.

ვაგე გუკასიანმა სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, სომხეთის სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მხოლოდ სამ ქვეყანაში გამოიყენება რუსული ენა.

სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სომხეთის ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია: რუსეთი – 35,8%, ჩინეთი – 19,1%, თურქეთი – 12,2%, იტალია – 7%, კანადა – 6%, უკრაინა – 5,8%, ირანი – 5,1%, ბრაზილია – 4%, იაპონია – 3,8%, საფრანგეთი – 3,4%

გუკასიანი ამბობს, რომ მითითებული ქვეყნებიდან რუსული ენა მხოლოდ რუსეთში და უკრაინაში გამოიყენება. ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში რუსული ენა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მშობლიურია, სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ინგლისური ენის სწავლება ღრმავდება.

“ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ მოსკოვს სომხეთში რუსული ენის ოფიციალურად გამოცხადების მოლოდინი ჰქონდეს. თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებს ავიღებთ, იმავე ყაზახეთის მაგალითით, მათ კარგად ესმით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ სურთ რუსულ ენაზე კონცენტრირება. დღეისათვის ყაზახეთში ანბანი სწრაფად ვითარდება კირილიციდან ლათინურამდე, რაც დასავლეთისკენ სწრაფვას ნიშნავს, მომავალში კი ლათინურის სწავლა მარტივი იქნება. რა თქმა უნდა, რუსული ენის გამო შესაძლოა რაღაც ზეწოლა იყოს სომხეთზე, მაგრამ კიდევ ერთხელ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოსკოვს სერიოზული მოლოდინები ჰქონდეს. მსოფლიო იცვლება და ყველას ესმის, იმისათვის რომ არ ჩამორჩეს, აუცილებელია მეტი ახალი ცოდნის მიღება, ამიტომაა აუცილებელი მეტი თანამედროვე ენის შესწავლა”, – ამბობს ექსპერტი.

მსოფლიოში 5 ყველაზე გავრცელებულ ენებში რუსული არ შედის. რუსულ ენაზე დაახლოებით 260 მილიონი ადამიანი საუბრობს, როდესაც ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიარდს შეადგენს.

“ჩემი აზრით, რუსული ენის ფლობას განსაკუთრებული სარგებელი იმათთვის მოაქვს, ვინც ან რუსეთში ეძებს სამსახურს, ან იქ ცხოვრებას აპირებს. ანუ, თუ ვინმეს უნდა რუსეთში წასვლა და მუშაობა, დაე, წავიდეს და ისწავლოს ენა, სხვას ნუ დააძალებს”, – ამბობს 25 წლის მილენა ვარდანიანი, რომელიც ამჟამად რუსული ენის ინტენსიურ კურსებს გადის, რადგან მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს და უახლოეს მომავალში მილენაც მათთან წასვლას გეგმავს.

“წასვლას რომ არ ვაპირებდე, იმ ცოდნითაც კმაყოფილი ვიქნებოდი, რაც სკოლაში მივიღე, ეს საკმარისია რუსულენოვან ადამიანთან სასაუბროდ”, – ამბობს მილენა.

“უამრავ საერთაშორისო პროგრამებში ვმონაწილეობ, რომლის ფარგლებშიც ხშირად მიწევს საზღვარგარეთ წასვლა. ევროპაში რუსულად არავინ საუბრობს. ამასთანავე, როდესაც საქართველოში რეგიონალური კონფერენციები და პროექტები ტარდება, ერთმანეთში ინგლისურად ვსაუბრობთ”, – გვიყვება ალინა ანტონიანი, რომელიც პროფესიით ლინგვისტია და ინგლისურს და რუსულს თავისუფლად ფლობს.

“მე ვაპირებ ესპანურის გაძლიერებული კურსები გავიარო. ნაწილობრივ ვიცი, მაგრამ საერთაშორისო შეხვედრებისთვის არასაკმარისია. დღეს ეს მოთხოვნადი ენაა”, – ამბობს ალინა

რესპონდენტები ერევნის ქუჩებში, საერთო ჯამში, არ არიან უცხო ენის სწავლების წინააღმდეგ განწყობილი, თუმცა რუსული ენის განსაკუთრებულად ხაზგასმას არასწორად თვლიან. მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ სწორი იქნებოდა უკეთესი კონცეფციის შედგენა, რაც უცხო ენის ღრმა სწავლებას მოიცავდა და ადამიანი თვითონ აირჩევდა სასურველ ენას.

საინტერესოდ ჩანს ის ფაქტი, რომ 21 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას რუსულ ენასთან დაკავშირებით არანაირი ინსტრუქცია არ გაუცია.

22 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ლევონ მკრტიჩიანიც შეეხო ამ თემას.

“პრემიერ-მინისტრს რუსული ენისთვის კონცეფციის შექმნა არ დაუვალებია, დავალებული იყო უცხო ენების ზოგადი განათლების სფეროში სწავლების გაუმჯობესება. და თუ ჩვენ უცხო ენები არ გვინდა, მაშინ, მოდით, დიალექტზე ვისაუბროთ”, – უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მინისტრის განცხადებით, ეროვნულ კრებაში შეტანილ კონცეფციებში ერთ-ერთი იქნება “უცხო ენების კონცეფცია”. მისი განმარტებითვე, სომხური მეცნიერება მჭიდროდაა კავშირში რუსეთთან და “რუსული ენა ირანის განათლების სისტემაშიც მნიშვნელოვანია”.

“სამეცნიერო ლიტერატურის შეკვეთისას, ინგლისური ვერსია 100 ამერიკული დოლარი ეღირება, ხოლო რუსული ვერსია – 10 ამერიკული დოლარი”, – ახსნა რუსული ენის ცოდნის აუცილებლობა მკრტიჩიანმა.

“სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი სახელმწიფო ენა მხოლოდ სომხურია. მართალია, ადამიანს რაც უფრო მეტი უცხო ენა ეცოდინება, ის უფრო განათლებული და განვითარებული იქნება, რაც მისთვის კარგია, მაგრამ არც ერთ ენას არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია. ინგლისური ენა უფრო მოთხოვნადია. ჩვენ თუ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უმეტესობა ინგლისურ ენაზეა გამოცემული. ანუ, თუ ჩვენ რომელიმე უცხო ენას უნდა მივანიჭოთ პრივილეგია, ლოგიკურად ეს უნდა იყოს ინგლისური. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს კავშირს, არც ისე ცუდია რუსული ენის ცოდნა. თუმცა გავიმეორებ, რომ პრივილეგია არც ერთ უცხო ენას არ უნდა მიენიჭოს.” – განაცხადა გევორქ გორგისიანმა, ეროვნული კრების “ELK” ფრაქციის დეპუტატმა.

დეპუტატის თქმით, სომხეთში რუსული ენის განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი სომხეთის სუვერენიტეტის კიდევ ერთი ხელყოფაა.

ამჟამად სომხეთში ბევრი პოლიტიკოსი და კულტურის მოღვაწე გამოხატავს საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას კონცეფციის წინააღმდეგ და ცალსახად აცხადებს, რომ სომხეთში უცხო ენა არ შეიძლება პრიორიტეტად განიხილებოდეს.

კონცეფცია საჯარო განხილვაზეა გატანილი.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
არმინე ავატისიანი არის ჟურნალისტი სომხეთში. ის მუშაობს 1in.am -ში და პერიოდულად თანამშრომლობს ნეტგაზეთთან 2016 წლის მაისიდან