ახალი ამბები

პროტოპრესვიტერის თქმით, მეუფე იაკობი ქონების მართვის უფლების ჩამორთმევამ გაანაწყენა

3 ოქტომბერი, 2017 • 2630
პროტოპრესვიტერის თქმით, მეუფე იაკობი ქონების მართვის უფლების ჩამორთმევამ გაანაწყენა

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ პატრიარქის მიერ ქორეპისკოპოს იაკობისთვის ქონების მართვის უფლებამოსილების ჩამორთმევამ და გიორგი მამალაძისთვის გადაცემამ ქორეპისკოპოსის განაწყენება გამოიწვია.

იმავეზეა საუბარი დახურულ სასამართლო პროცესზე შორენა თეთრუაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერშიც, როემლიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა. “ციანიდის საქმის” მასალების მედიაში გამოქვეყნების გამო დღეს, 3 ოქტომბერს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

“ამან გამოიწვია გარკვეულწილად გაუგებრობა, განაწყენება და შესაძლოა, პატრიარქმა ეს ვერ გაითვალისწინა, რომ ამას შეიძლება ადამიანური განაწყენება მოჰყოლოდა იმის გამო, რომ ამ ფუნქციით სხვა პიროვნება იყო აღჭურვილი. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, პატრიარქს ჰქონდა უფლება, მიენიჭებინა უფლებამოსილება რომელიმე საეკლესიო პირისთვის… აქ არ იგულისხმება ის, რომ მეუფე იაკობი თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, რომ რაიმე უპატივცემულობა ყოფილიყო მის მიმართ. ჩემთვის ამგვარი რამ უცნობია, მაგრამ რადგან ეს უშუალოდ უკავშირდება პატრიარქის გადაწყვეტილებას, მას შეიძლება რაღაც მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამა გიორგისთვის მიენიჭებინა ეს უფლებამოსილება. არ მსმენია იმის შესახებ, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც დიდი წინააღმდეგობა და დაპირისპირება ყოფილიყო,”- განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

რუსთავი 2-თან პროტოპრესვიტერმა ისაუბრა თავად გიორგი მამალაძეზეც:

“მამა გიორგის პირადად ძალიან კარგად ვიცნობდი და, რა თქმა უნდა, მას ასევე ბევრი კარგი საქმე უკავშირდება ეკლესიაში. გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რა თქმა უნდა, სინოდს არ ჰქონდა… ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის იქნება ძალიან სასიხარულო და ძალაინ დიდი ღირსების შემძენი, იქნება ის, თუკი მამა გიორგი იქნება უდანაშაულო,”- განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი