ახალი ამბები

კალაშნიკოვი “პატრიოტებს”: საქართველოში ზოგი აფერისტისგან განსხვავებით, თქვენ სიმტკიცე გამოიჩინეთ

3 ოქტომბერი, 2017 • 4610
კალაშნიკოვი “პატრიოტებს”: საქართველოში ზოგი აფერისტისგან განსხვავებით, თქვენ სიმტკიცე გამოიჩინეთ

2 ოქტომბერს “პატრიოტთა ალიანსის” წევრები: ადა მარშანია, გიორგი ლომაია და ნატო ჩხეიძე,  მოსკოვში რუსეთის დუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესაძლებლობები გაიხილეს. ასევე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის ფუნქციონირება, რუსეთის თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროსთან თანამშრომლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფლავების მონახულების შესაძლებლობა.

“შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ისეთი საკითხები, რომლებიც ითხოვს სწრაფ განხილვასა და გადაწყვეტას, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც  ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირებას უწყობს ხელს. თემები, როგორიცაა აფხაზეთის ტერიოტრიის გავლით რკინიგზის მოძრაობა ან რუსეთის თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროსთან თანამშრომლობა “ – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა.

მან ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე ხანძარზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის მზაობისა, საქართველოს ხელისულებამ უარი განაცხადა რუსეთის მხრიდან დახმარების მიღებაზე .

“რატომღაც ქართულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დახმარებაზე უარის თქმა, თუმცა რუსეთში “ბორჯომის” ექსპორტზე მათ უარი არ უთქვამთ. ნუთუ მათ [საქართველოს ხელისუფლებას] არ ენანებათ საკუთარი ტყე? ურთიერთობა რუსეთის თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ასეთივე სპეციალურ სამსახურს შორის უნდა შედგეს დიალოგის დონეზე, ან სპეციალური არხით, ან პროტოკოლით, რომლის ფორმირებაცაა საჭირო.  ამასთან ერთად, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ წინაპრების საფლავების მონახულებაზე, რომელიც ძალიან სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს,” – განაცხადა კალაშნიკოვმა

გარდა ამისა, ლეონიდ კალაშნიკოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია.

“პირდაპირ უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ პანიკისა, რომელიც ზოგიერთმა აფერისტმა ორგანიზაციამ საქართველოში დათესა, თქვენ გამოავლინეთ სიმტკიცე, ძალა და მყარი პოზიცია და აგრძელებთ ჩვენი ქვეყნების დაახლოების პოლიტიკას. ქართველი ხალხი არა მხოლოდ ემხრობა, არამედ საჭიროებს მსგავს პოლიტიკას” – აღნიშნა კალაშნიკოვმა, “პატრიოტთა ალიანსთან” შეხვედრის შეფასებისას.

რუსეთის დუმის დეპუტატი, ლეონიდ კალაშნიკოვი. ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

რუსეთის დუმის დეპუტატი, ლეონიდ კალაშნიკოვი. ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

ბოლო სამი თვის განმავლობაში, “პატრიოტთა ალიანსს” უკვე მეორედ ხვდება რუსეთის დუმის წარმომადგენლებს. წინა შეხვედრაზე, რომელიც  ივლისში  გაიმართა, ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ და რუსმა პოლიტიკოსებმა  საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მოილაპარაკეს.

დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჟენევის კონვენციისა და კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური დიალოგი 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა.




 

მასალების გადაბეჭდვის წესი